დავით ნარმანიამ „მედია კლუბის“ განახლებული პროექტი გახსნა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „მედია კლუბის“ განახლებული პროექტი გახსნა და მონაწილეებს სემეკის ფუნქციები და 2021 წლის გეგმები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა სატარიფო პოლიტიკაზე და ტარიფების დადგენის პრინციპებზე, ასევე ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებზე.
“სემეკის განახლებული პროექტის – „მედია კლუბის“ ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებში 170 პირი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეებს შორის არიან როგორც ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ენერგეტიკის, წყალმომარაგების, საბანკო სექტორებში დასაქმებული პირები და სტუდენტები.
ტრენინგების თემატიკა მოიცავს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების სამართლებრივ ჩარჩოს, ახალ კანონს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და შესაბამის ცვლილებებს რეგულაციებში; ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებულ დირექტივებთან, ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციებსა და როლს ენერგეტიკაში, ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგს, სატარიფო რეგულაციას.
განახლებული პროექტის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები ენერგეტიკის სექტორში მოქმედი უწყებებიდან”, – ნატქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.