“ბიბილოვი საზოგადოებაში კონფრონტაციის ზრდას აგრძელებს, ვინ შეაჩერებს გიჟს?” – ცხინვალში ე.წ. პარლამენტში ხალხი შეიკრიბა
ე.წ.სამხრეთ ოსეთში ე.წ. პოლიტიკური კრიზისი დღითიდღე ღრმავდება, რომელიც უკავშირდება იმას, რომ ე.წ.პარლამენტი შეკრებას ვერ ახერხებს, რადგან დეპუტატთა ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.
ბიბილოვის ოპოზიცია ითხოვს ე.წ. გენერალური პროკურორის ე.წ. თანამდებობიდან გათავისუფლებას მას შემდეგ, რაც აგვისტოში ე.წ. კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში ცხინვალის მკვიდრი – ინალ ჯაბიევი გარდაიცვალა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
როგორც ე.წ. პარლამენტის ვიცესპიკერმა, პეტრე გასიევმა განაცხადა, გუშინ სესიაზე ე.წ.კანონმდებლებს ქვეყნის ბიუჯეტზე უნდა ემსჯელათ, თუმცა, შეკრების მორიგი მცდელობა ჩავარდა. მან მომხდარს “სრული სიგიჟე” უწოდა.
უკვე დღეს ე.წ.პარლამენტთან ხალხი შეიკრიბა, რომლებიც სესიის გამართვასა და წლევანდელი ბიუჯეტის დამტკიცებას ითხოვს. შეკრებილებს ბიბილოვის პარტია “მასპინძლობს”.
ღონისძიების დაწყებამდე სოციალურ ქსელში ე.წ.სამხრეთ ოსეთის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მოსკოვში ოსეთის დიასპორის საბჭოს წევრმა და ბლოგერმა, გრიგორი აბაევმა დაწერა, რომ “ანტისახალხო რეჟიმი, ცხინვალში, პარლამენტის შენობაში ანატოლი ბიბილოვის მხარდამჭერ აქციას მართავს”.
“ადგილზე იძულებით მიჰყავთ სახელმწიფო მოხელეები, ასევე, მმართველი “ერთიანი ოსეთის” წევრები. ხალხი სხვადსხვა რაიონიდანაც მოჰყავთ. ამორალური ბოროტმოქმედი ანატოლი ბიბილოვი აგრძელებს საზოგადოებაში კონფრონტაციის ზრდას. ვინ შეაჩერებს გიჟს, რომელმაც სამხრეთ ოსეთი კოლაფსამდე მიიყვანა?”, – წერს აბაევი.