“საქართველო ამაზე არ წავა, ეს აფხაზეთის დე-ფაქტო აღიარება იქნება” – რუსი ექსპერტები აფხაზეთის რკინიგზის სავარაუდო აღდგენაზე

მიმდინარე კვირას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის სახელმწიფო დუმას მიმართა განცხადებით, რომ ე.წ. რესპუბლიკა მზად არის, მიიღოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობა ე.წ. რესპუბლიკის გავლით სომხეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის გახსნაში.

თუმცა, რუსეთის საექსპერტო წრეებში ეჭვი ეპარებათ, რომ თბილისი ასეთ პროექტს “მწვანე შუქს” მისცემს.

როგორც პოლიტოლოგი, არტურ ატაევი ამბობს, იმ პირობებში, როდესაც საქართველო-რუსეთს, ასევე, საქართველო-აფხაზეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა, სარკინიგზო მიმოსვლის რეანიმირებაზე საუბარი ნაადრევია.

ანალოგიური მოსაზრება აქვს რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის კავკასიისა და რეგიონული უსაფრთხოების ცენტრის მეცნიერ თანამშრომელს, ნიკოლაი სილაევს, რომელიც ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში თბილისს სოხუმთან ტრანზიტზე მოუწევს შეთანხმება, რაც აფხაზეთის დე-ფაქტო აღიარებას ნიშნავს და საქართველო ამაზე არ წავა.

სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოს მთავრობის პოზიციის შერბილება ეკონომიკურ ფაქტორებს შეუძლია, რადგან ამ დრომდე გამოდის ენგურჰესთან დაკავშირებით თანამშრომლობა, თუმცა, რკინიგზასთან მიმართებით თბილისს არავითარი მოგება არ ექნება.

“საქართველოს ეს მინიმალურ სატრანზიტო შემოსავალს მოუტანს. ქვეყანა მხოლოდ კაპიკებს მიიღებს, რადგან ერევანს დიდი ტვირთნაკადის უზრუნველყოფა არ შეუძლია. ამასთანავე, საქართველომ შესაძლოა, აზერბაიჯანსა და თურქეთთან გააფუჭოს ურთიერთობა, რომლებიც მისი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორები არიან”, – აღნიშნავს სანქტ პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პოსტსაბჭოთა სივრცეში საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის დოცენტი, ნიაზი ნიაზოვი.

არტურ ატაევი ამბობს, რომ აფხაზეთის წინადადება სრულიად არარენტაბელური პროექტია, რომლის რეალიზება მხოლოდ საბჭოთა კავშირს შეეძლო.

“კავკასიის რკინიგზაზე სრული დატვირთვა არც ყოფილა. სიცოცხლისუნარიანობის პიკი 1970-ან წლებში იყო, 1985 წლისთვის კი ტვირთბრუნვის კოლოსალური ვარდნა დაფიქსირდა. ანალოგიური დინამიკა იყო მგზავრთნაკადის შემთხვევაშიც​​”, – ამბობს ატაევი.

​სამხრეთ კავკასიის საკითხებში ექსპერტი, ანდრეი არეშევი თვლის, რომ “ყარაბაღის დარეგულირების ჭრილში მუშავდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, რაც ერევანს მისცემს, შესაძლებლობას ჰქონდეს სარკინიგზო ტრანზიტი მხოლოდ ერთი ქვეყნის გავლით. ამასთანავე, ცოტა ხნის წინ თურქეთიდან რუსეთში ჩაეშვა საექსპორტო მატარებელი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით. ამიტომ, როგორ იშოვის ფულს თბილისი, დიდწილად დამოკიდებულია ანკარასა და ბაქოზე. ისინი კი ნამდვილად არ არიან დაინტერესებულნი სომხეთ-რუსეთს შორის რკინიგზის აღდგენაში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები