მეუფე ანტონი: ბოლო დროს ძალიან მომძლავრდნენ ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ძალები, ვითომ მამხილებელნი არიან, მაგრამ გველმა ბულბული რომ დაირქვას, ამით ზნეს არ იცვლის

„სინოდის სხდომაზე დავით გარეჯის საკითხზე ვისაუბრეთ. არგუმენტებით გაჯერებული მოხსენება წაიკითხა მეუფე დავით ალავერდელმა. ცალსახაა, ვიღაცას უნდა – დაგვაჯეროს, რომ ეს ასე არაა, მაგრამ ყველა მცდელობა დასრულდება მარცხით, რადგან იმ არგუმენტებს ვერავინ წაუვა, რაც არსებობს. ეს დაწერილია და განმტკიცებულია დროში”, – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ძალები ცდილობენ, საზოგადოებას ღმერთთან მისასვლელი ყველა გზა ჩაუკეტონ.

„განვიხილეთ ვაქცინაციის საკითხი და ჩვენ გვინდა, ადამიანებს მოვუხსნათ ის შეხედულება, რომ ვაქცინაცია არ განიხილება, როგორც ჩიპიზაცია, ეს ბიოლოგიური და მედიცინის საკითხია. ჩვენი მხრიდან არანაირი განსხვავება არ იქნება მათი, ვინც აცრას გაიკეთებს და არ გაიკეთებს.

ბოლო დროს ძალიან მომძლავრდა ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ძალების გააქტიურება, არ ვიცი ამათ სამშობლო, ქვეყანა უყვართ თუ არა, რისი თქმა სურთ, ვითომ მამხილებელი არიან, მაგრამ გველმა ბულბული რომ დაირქვას ამით ზნეს არ იცვლის, გინდა თეოლოგი დაირქვი, გინდა ასოციაცია, ასეთი ადამიანები უფრო მეტს აკეთებენ იმისთვის, რომ ეკლესიაში არ მოვიდეს ახალგაზრდობა. ზოგადად, თეოლოგის დანიშნულებაა, ადამიანებს ღმერთი შეაყვაროს და ესენი პირიქით, ღმერთთან მისასვლელ ყველა გზას უკეტავენ“, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები