Black Sea Arena-ს დირექტორი: მადლობა ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილს

“მადლობა ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილს Black Sea Arena -ს პროექტის განხორციელებისთვის, რომელიც საუკეთესო არქიტექტურისთვის 2020 წლის გერმანული დიზაინის პრემიის გამარჯვებული გახდა“, – ამის შესახებ Black Sea Arena-ს დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ რუსთავი-2-ის „სხვა შუადღეში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო აღიარება, რაც “ბლექ სი არენამ” მოიპოვა. ამ ჯილდოთი „ბლექ სი არენამ“ დაამტკიცა, რომ, გარდა არქიტექტურისა, ფუნქციურად ძალიან გამართულია.

„რომ არა ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი და განსაკუთრებული მადლობა მას ამ პროექტის ინიცირებისა და მატერიალური რესურსისთვის, „ბლექ სი არენა“ საქართველოში ვერ აშენდებოდა. დარბაზი, რომელმაც გაიმარჯვა ნომინაციაში, როგორც შესანიშნავი არქიტექტურა საქართველოშია და მისი კუთვნილებაა. გარდა იმისა, რომ არქიტექურა ძალიან მნიშვნელოვანია, ამით „ბლექ სი არენამ“ დაამტკიცა, რომ ფუნქციურად ძალიან გამართულია. დარბაზი 2016 წელს გაიხსნა და გერმანული დიზაინის არქიტექტორების ჯგუფს დაახლოებით ოთხი წელი დასჭირდა, რომ ეს ჯილდო მოენიჭებინა. წელს იმავე ნომინაციაში, გაიმარჯვა უოლდ დისნეის თეატრმა ლოს ანჟელესში, რომელიც 2003 წელს გაიხსნა და მთელი 17 წელი დასჭირდა, რათა დაემტკიციებინა, რომ არქიტეტქურულად და დიზაინის კუთხით მნიშვნელოვანი დარბაზია, რაც „ბლექ სი არენამ“ ოთხ წელიწადში მოახერხა“ – განაცხადა ტატო ხარჩილავამ.

ამასთან, მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ემზადებიან 2020 წელს დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო.

„ჩვენ აქტიურად ვემზადებით იმ პერიოდისთვის, როდესაც გადაივლის ეს პანდემია, რომ მაქსიმალურად დაიტვირთოს “ბლექ სი არენა” და განვახორციელოთ ის პროექტები, რომლებიც ჯერ კიდევ 2020 წელს იყო დაგეგმილი. ასევე იმ ახალ პროექტებზე, რომლებსაც წარვადგენთ, როგორც კი დაწყნარდება სიტუაცია მსოფლიო მასშტაბით და მოგვეცემა “ბლექ სი არენას” კარის გახსნის საშუალება“, – განაცხადა ტატო ხარჩილავამ.

Black Sea Arena 2020 წლის გერმანული დიზაინის პრემიის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ზღვისპირა რეგიონში მდებარე საკონცერტო შენობამ გამარჯვება საუკეთესო არქიტექტურისთვის მოიპოვა. პრიზები მხოლოდ იმ პროექტებს გადაეცემათ რომლებსაც წვლილი საერთაშორისო დიზაინის ლანდშაფტში შეაქვთ. გერმანული დიზაინის დაჯილდოება ხელს კომერციულ წარმატებას უწყობს. კონკურსი ყოველწლიურად ტარდება. დაჯილდოების ცერემონიალი პირველად 1969 წელს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები