სოხუმში გახსნილ, პუტინის მხარდამჭერ შტაბს სომხური თემიც შეუერთდა
სოხუმში პირველ თებერვალს დაფუძნებულ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ შტაბს ოკუპირებული აფხაზეთის სომხური თემიც შეუერთდა.
ამის შესახებ ე.წ. შტაბის პრესსამსახურში განაცხადეს.
როგორც სომხური თემის ხელმძღვანელმა, გალუსტ ტრაპიზონიანმა განაცხადა, “აფხაზეთისთვის რუსეთი მეზობელიც და სტრატეგიული პარტნიორია და ორი ქვეყნის მოსახლეობას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ”.
პირველ თებერვალს პუტინის მხარდამჭერი შტაბი ექვსმა ე.წ. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ დააფუძნა, რომელშიც შევიდნენ: “აფხაზეთის რუსული თემი”, “აფხაზეთის კაზაკთა შავი ზღვის არმია”, “აფხაზეთის კაზაკთა და კაზაკ -ვეტერანთა კავშირი”, “აფხაზეთის, დონეცკის, ლუგანსკისა და რუსეთის ურთიერთგანვითარების ფონდი “სამშობლო”, “აფხაზეთში რუსი თანამემამულეების ეკონომიკური მხარდაჭერის ასოციაცია” და “აფხაზეთის კაზაკთა თემი”.
შტაბის მონაწილეთა აზრით, “შექმნილი საერთაშორისო ვითარება, ასევე, რუსეთის შიდა საქმეებში აშშ-ის უხეში ჩარევა, ასევე ალექსი ნავალნის მიმართ ღია მხარდაჭერა, რომელიც რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების არევას ემსახურება, ავალდებულებს აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეებს და თანამემამულეებს იყვნენ ერთნი და კონსოლიდირებულები”.
“განსაკუთრებით, აფხაზეთის რესპუბლიკის მოსახლეობა, რომელმაც დამოუკიდებლობა სისხლისღვრით მოიპოვა, ასევე, საერთაშორისო აღიარება რუსეთის მიერ 2008 წელს მოიპოვა”, – ნათქვამია განცხადებაში.