ენერგეტიკაში ინვესტიციები 4-ჯერ შემცირდა
2020 წლის 9 თვის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში ოთხჯერ შემცირდა და 46 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ენერგომიმოხილვაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის მოხმარება მოსალოდნელია, 12.6 ტვტ. სთ-მდე გაიზარდოს მიმდინარე წელს, რაც 2019 წლის დონეზე (12.8 ტვტ. სთ.) ნაკლებია. ჯამურმა გენერაციამ მოსალოდნელია, 11.5 ტვტ. სთ. შეადგინოს (ენგურზე მიმდინარე სამუშაოების გათვალისწინებით) აღნიშნულ პერიოდში და დეფიციტი 1.6 ტვტ. სთ. მიაღწევს, რაც შესაძლოა, დაკომპენსირდეს იმპორტის ან თბოსადგურების გენერაციის ზრდის ხარჯზე.
მიმოხილვაში განმარტებულია, რომ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ოპერირების დაწყება წინ გადადგმული ნაბიჯია ბაზრის ლიბერალიზაციისაკენ. ბირჟის ფუნქციონირებამ ხელი უნდა შეუწყოს სექტორში საბაზრო ფასების ფორმირებას, რაც დადებითად აისახება საინვესტიციო გარემოზე და სწორ სიგნალებს გადასცემს ბაზრის მონაწილეებს.