ამირან გამყრელიძე: ნუ გამოვიყენებთ ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით – ვაქცინაცია იქნება თუ კოვიდთან ბრძოლა, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები
“მე კარგი წარმოდგენის ვარ ჩემს მოძმეებზე, საქართველოს მოსახლეობაზე, ამიტომ, არ მგონია”, – ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, საქმე ისე მიდის, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას, მაგრამ არის საფრთხე, რომ გაბოროტებულმა ადამიანებმა, რომლებმაც ვერ გადაიტანეს, რომ ქვეყანა წარმატებით მართავს კოვიდს, რამე მოიმოქმედონ, რაც დაავადების აფეთქებას გამოიწვევს.
გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მოსახლეობა კონსოლიდებული და ერთიანი უნდა იყოს როგორც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის ირგვლივ, ისე ამ ყველაზე დიდი გამოწვევის დასამარცხებლად.
„მე კარგი წარმოდგენის ვარ ჩემს მოძმეებზე, საქართველოს მოსახლეობაზე, ამიტომ არ მგონია. მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში კი არა, მთელს მსოფლიოში პანდემია გახდა პოლიტიზირებული, განსაკუთრებით ვაქცინაცია. ვაქცინაცია გახდა დღეს პოლიტიკური იარაღი, განსაკუთრებით მძლავრი სახელმწიფოების ხელში. მე, იცით რომ, ყველანაირ პოლიტიკას ვერიდები, ამ შემთხვევაში მხოლოდ სამედიცინო კუთხით ვუყურებ ამ საკითხს, თუმცა რა გითხრათ… მაინც ყველას ვურჩევ, ნუ გამოვიყენებთ გარკვეულ პოლიტიკურ შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვაქცინაცია იქნება, თუ კოვიდთან ბრძოლა, ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ სოლიდარულები მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სიმპათიებისა ან შეხედულებისა. ეს არის საკითხი, რომელმაც უნდა გააერთიანოს მთელი ქვეყანა. ჩვენ ყველა ერთიანად უნდა ვიყოთ როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი საკითხის წინაშე. ყველას გთხოვთ, ვიყოთ კონსოლიდირებული და სოლიდარული, რომ ერთად ყველამ დავამარცხოთ ეს ძალიან დიდი გამოწვევა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.