„კარანტინმა ჩემი დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა“ – ცხოვრება „ოქროს ღილაკამდე“ და „ოქროს ღილაკის“ შემდეგ, ერთი მიზნისკენ (ვიდეო)

6 წლიდან სიმღერის წრეზე დადიოდა… №26 ხელოვნების სკოლა დაამთავრა. შემდეგ იყო „ნიჭიერთა ათწლედი“. ამჟამად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის სტუდენტია.
საქართველომ 2020 წლის „ნიჭიერით“ გაიცნო, როდესაც პუჩინის „ტურანდოტის“ ურთულესი არია  „Nessun dorma“ ბრწყინვალედ შეასრულა. იმ დღეს იგი ანრი ჯოხაძის „ოქროს ღილაკის“ მფლობელი გახდა.
ცხოვრება „ნიჭიერამდე“ და „ნიჭიერის“ შემდეგ – რა შეიცვალა „ოქროს ღილაკის“ შემდეგ? – საოპერო მომღერლის, მარიამ ნადიბაიძის პერსონა.
– პატარა ოჯახი მაქვს, მყავს მხოლოდ მშობლები და მათ გამზარდეს ძალიან დიდი სიყვარულის გარემოცვაში. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მონდომებული და ენერგიული ბავშვი ვიყავი, დედამ გადაწყვიტა, ჩემი ინტერესების სფერო  გაეზარდა და მაქსიმალურად დავეტვირთე.
4-5 წლის  ასაკში გამოიკვეთა მიდრეკილება: სიმღერის, ფორტეპიანოს, ცეკვის, ხატვისა და სამსახიობო ოსტატობისადმი.
დედამაც სკოლაში მიყვანის დღიდან შემიყვანა №26 ხელოვნების სკოლაში, ზემოთ ჩამოთვლილ  აბსოლუტურად ყველა წრეზე.
– სკოლის პერიოდი. №26 ხელოვნების სკოლაშიც დადიოდით… როგორ დაინტერესდით საოპერო სიმღერით, მოგვიყევით… პირველი სიმღერა და თქვენი განცდები…
– №26 ხელოვნების სკოლაში ჩემი ცხოვრების თითქმის  ნახევარი   გავატარე. ხოლო საოპერო ჟანრით მაშინ დავინტერესდი, როდესაც  შევედი სიმღერაზე ვოკალის პედაგოგ  ქალბატონ მზია დავითაშვილთან. როდესაც პირველად მოვისმინე მაესტრას შესრულებული არია, ემოციებსა და შთაბეჭდილებებს ვერ ვმალავდი, ამის შემდგომ კი მისი მიბაძვა დავიწყე.
ჩემი პირველი კლასიკურად შესრულებული არია იყო გენიალური კომპოზიტორის, ბატონ  ვაჟა აზარაშვილის „მუსიკა“, აღსანიშნავია, რომ ამ შესრულებას ბატონი ვაჟაც ესწრებოდა, რომელმაც აღფრთოვანება  ვერ დამალა 13 წლის ბავშვის გამო.
– „ნიჭიერთა ათწლედის“ შემდეგ – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტზე 100-პროცენტიანი სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხეთ…
– ამ წლებმა შემძინა ორი ჩემთვის  შეუფასებელი და უსაყვარლესი ადამიანი – მაესტრო თემურ გუგუშვილი და  კონცერტმაისტერი  ლელა უსეინაშვილი, რომელთა დაუღალავი შრომოთ ვოკალურად გავიზარდე და კვლავაც ვაგრძელებ ზრდას. მაესტროს ჩატარებული ერთი გაკვეთილიც კი ბევრის მომცემია ჩემთვის.
– 2020 წლის „ნიჭიერით“ გაგიცნოთ საქართველომ, როდესაც პუჩინის „ტურანდოტის“ ურთულესი არია  „Nessun dorma“ ბრწყინვალედ შეასრულეთ. რა განცდა გქონდათ ანრი ჯოხაძის „ოქროს ღილაკის“ მიღების შემდეგ?
– ,,Nessun Dorma”- ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული არიაა, რომლის მომზადების დროსაც, თითოეულ რეპეტიციაში ვდებდი ჩემს სულს და გულს, ვაკეთებდი მაქსიმუმს.
ანრის „ოქროს ღილაკის“ მიღებით გამოწვეული ემოციები ძნელად გადმოსაცემია, ეს იყო მოულოდნელი სიხარული.
– ოპერის მომღერლებიდან  ვინ არის თქვენი ფავორიტი?
– ქართველი ოპერის მომღერლებიდან განსაკუთრებულად ვერავის გამოვარჩევ, რადგან თითოეული მათგანი გამორჩეულია თავიანთი ხმის სპეციფიკითა და ტექნიკით. რაც  შეეხება ჩემს ფავორიტს – შეუდარებელი ანა ნეტრებკოა.
– „საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“, როგორც პროექტ „ნიჭიერის“ პარტნიორმა კომპანიამ, ერთი წლის მანძილზე 1000-ლარიანი ხელფასით დაგაჯილდოვათ. ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ამ თანხას თქვენს სწავლას მოახმართ, გაცვლითი პროგრამით ევროპაში გააგრძელებთ სწავლას…
– მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო სწავლის მხრივ ახალი არაფერია. ეპიდემიის  ჩაწყნარების შემდეგ დასახულ მიზანს აუცილებლად ავისრულებ.
– ცხოვრება „ნიჭიერამდე“ და „ნიჭიერის“ შემდეგ – რა შეიცვალა „ოქროს ღილაკის“ შემდეგ თქვენს ცხოვრებაში?
– ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიცვალა, არის ის, რომ მივიღე საზოგადოების უსაზღვრო სიყვარული.
– ჰობი…
– დღიურში ჩანაწერების გაკეთება, ქსოვა და კითხვა.
– პანდემია… ალბათ ხელი შეგიშალათ შემოქმედებით ცხოვრებაში…. როგორ ცხოვრობს მარიამ ნადიბაიძე კარანტინის დროს?
– კარანტინმა ჩემი დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა, განსაკუთრებულად რთულია ჩვენი სპეციალობის ადამიანისთვის ეს პერიოდი, როდესაც გიტარდება ონლაინგაკვეთილები, მაგრამ  შედეგი ის არაა, რაც უნდა იყოს.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმებზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რადგან არ ვიცი,  რა როგორ განვითარდება, მაგრამ ერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სწავლას გავაგრძელებ მაგისტრატურაში, საზღვარგარეთ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები