ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოქმედებდა, როგორც გროსმაისტერი, რომელიც წინასწარ თვლიდა ათზე მეტ სვლას
“ბიძინა ივანიშვილის გასვლა პოლიტიკიდან არის სერიოზული გამოწვევა ჩვენი გუნდისთვის და არამარტო გუნდისთვის, ზოგადად, ქვეყნისთვის გამომდინარე იქედან, რომ ის იყო სტაბილურობის მთავარი გარანტი ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ეკავა პოლიტიკური თანამდებობა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის ყოფილი ხელმძღვანლის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ქვეყანაში განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა და მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა მაქსიმალურად დაიხარჯოს, რათა ამ გამოწვევებს უპასუხოს.
„ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა განსაკუთრებული პოლიტიკური კაპიტალი, რაც უკავშირდება სხვადასხვა გარემოებას, მათ შორის უპრეცედენტო ქველმოქმედებას, რომლითაც გამოირჩეოდა. 3-მილიარდიან ქველმოქმედებაზეა საუბარი და ეს, ბუნებრივია, ითარგმნებოდა, მათ შორის, პოლიტიკურ კაპიტალში. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი იყო 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედი და ეს ნიშნავს განსაკუთრებულ პოლიტიკურ კაპიტალს. ამასთან ერთად ყველაზე მთავარი იყო მისი ინტელექტუალური რესურსი, რომლითაც ის მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესში. ერთხელ პოსტი მივუძღვენი ამ ყველაფერს და კიდევ გავიმეორებ, რომ ის პოლიტიკაში მოქმედებდა, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, როგორც გროსმაისტერი, რომელიც წინასწარ თვლიდა ათზე მეტ სვლას, ვიდრე მიიღებდა გარკვეულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.