ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით სოფელ ქვემო ჭალაში აქცია მიმდინარეობს
“თავისუფლება ზაზა გახელაძეს” – ამ მოწოდებით ზაზა გახელაძის მშობლიურ სოფელში, სოფელ ქვემო ჭალაში, აქცია იმართება.
არასამთავრობო ორგანიზაციები ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას აპროტესტებენ.
ისინი გახელაძეს და მის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობა მხოლოდ სიტყიერი მოწოდებებით არ უნდა შემოიფარგლოს.
“2008 წელს, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება რუსეთს რომ შეესრულებინა, ახლა ეს არ მოხდებოდა და ეს შედეგები არ იქნებოდა. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, არ შემოიფარგლონ მხოლოდ სიტყვიერი მოწოდებებით და ქმედითი ნაბიჯები გაატარონ რუსეთის ფედერაციასთან. საერთაშორისო დონეზე უნდა მოვითხოვოთ მხარდაჭერა, ეს არ არის პირველი და არც ბოლო შემთხვევა იქნება თუ ასე გაგრძელდა”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.