სალომე ზურაბიშვილი: ჩემი მინისტრობის დროს – და მე მინისტრი ვიყავი 2005 წლის ოქტომბრამდე – არანაირად არ ითვლებოდა, რომ დავით გარეჯი იყო აზერბაიჯანის
“როცა ვიყავი მინისტრი, მაშინ დავსვი კითხვა, რომ უკვე რამდენი წელია, დამოუკიდებელი ქვეყნები ვართ, მეზობელი, კარგი ურთიერთობებით და ჯერ არ გვაქვს დასრულებული საზღვრების დელიმიტაცია, იყო შეუთანხმებელი მონაკვეთები ჩვენს საზღვარზე. როცა დავბრუნდი, როგორც პრეზიდენტი, დამხვდა იგივე სიტუაცია – შეუთანხმებელია, დელიმიტაცია არ არის”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, „იმედის“ ეთერში, დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს არანაირად არ ითვლებოდა, რომ დავით გარეჯი იყო აზერბაიჯანის.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საზღვრები საბჭოთა პერიოდში, მთელი 70 წელიწადი დადგენილი იყო რუსეთის მიერ, საბჭოთა კავშირის ადმინისტრაციული საზღვრებით. როდესაც საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი დამოუკიდებლები გახდნენ, მიღებული სამართლებრივი წესი იყო, რომ სწორედ საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებული რუკა იქნებოდა ახალი საზღვრების დელიმიტაციის სახელმძღვანელო.
„დღეს ის საკითხები, რაც დგას, არის სწორედ შემდეგი – რუკა როგორ იყო ან არ იყო გამოყენებული. ეს საკითხი სხვა კუთხიდან ვიცი. როცა ვიყავი მინისტრი, მაშინ დავსვი კითხვა, რომ უკვე რამდენი წელია, დამოუკიდებელი ქვეყნები ვართ, მეზობელი, კარგი ურთიერთობებით და ჯერ არ გვაქვს დასრულებული საზღვრების დელიმიტაცია, იყო შეუთანხმებელი მონაკვეთები ჩვენს საზღვარზე. როცა დავბრუნდი, როგორც პრეზიდენტი, დამხვდა იგივე სიტუაცია – შეუთანხმებელია, დელიმიტაცია არ არის. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო იწყება და მთავრდება საზღვრებით, სხვაგვარად სახელმწიფო სრულყოფილი არ არის. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. ამიტომ, პირველივე ვიზიტის დროს ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში დავსვი ეს საკითხი. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პასუხი იყო ზუსტად იგივე – მეც გეთანხმებით, აუცილებელია, ჩვენ დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ, არა 100 წლის წინ, არამედ 30 წლის წინ. იგივე გვაქვს სომხეთთან მიმართებით. ეს არის ჩვენთვის და ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, დავით გარეჯის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს, რადგან ამ საკითხზე სასამართლო მიმდინარეობს.
„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი მინისტრობის დროს და მე მინისტრი ვიყავი 2005 წლის ოქტომბრამდე, არანაირად არ ითვლებოდა, რომ დავით გარეჯი იყო აზერბაიჯანის. პირიქით, ეს იყო ერთ-ერთი შეუთანხმებელი მონაკვეთი. მეორე იყო წითელი ხიდი და კიდევ სხვა პატარა მონაკვეთები. მინისტრები შევთანხმდით, რომ ეს პოლიტიკურად ძალიან მძაფრი საკითხია და უნდა გადაწყდეს პრეზიდენტების დონეზე. ძალიან მიკვირს, როცა ზოგიერთები დაჟინებით ამბობენ, რომ ეს ჩვენი ტერიტორია არ არის. არსად არ გამიგია, ქვეყნის მკვიდრი, პატრიოტი იჩემებს, რომ არა, ეს ტერიტორია ჩემი ქვეყნის არ არის, ამისგან ვარ გაოცებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, ამჟამად თუ მიდის მოლაპარაკება ორ სახელმწიფოსა და ორ პრეზიდენტს შორის ამ საკითხზე, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „ჩვენ შევთანხმდით, რომ საჭირო იყო, კომისიებს ხელახლა განეახლებინათ მუშაობა. ყოველთვის არის კომპრომისის ვარიანტები, მით უმეტეს, როდესაც ამდენი საერთო ინტერესი გვაქვს ორივე ქვეყანას. პრეზიდენტი დამეთანხმა ძალიან მეგობრულად. ვიღაცებმა თქვეს, რომ რაღაც არ ესიამოვნაო, მაგრამ არ იყო ეს სწორი. ძალიან მეგობრულად შევთანხმდით, რომ ეს ორივე ქვეყნის ინტერესში შედის. ყველა ქვეყანას აქვს ინტერესი სტაბილურობის, მით უმეტეს, ამ რეგიონში. თუ არ იქნება სტაბილურობა, არც ჩვენი გაზსადენები, არც ჩვენი სატრანსპორტო ქსელები, არც ჩვენი პორტები, არც არაფერი აღარ იქნება. რაც ჩვენთვის მართალია, ასევე მართალია აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის. კომისია როცა იმუშავებს და გამოკვეთს, სად არის უთანხმოება, რა ნაწილებში, მერე არის მუშაობა კომპრომისზე. ეს უკვე არის საკითხი, რომელიც დაისმება უფრო მაღალ პოლიტიკურ დონეზე. შეიძლება, მინისტრების, შეიძლება, საბოლოოდ პრეზიდენტების დონეზე. არ იცის, როგორ წავა და რა დროში იქნება, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური ფორმა და ჩვენ უნდა ჩავჯდეთ ამ კალაპოტში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.