ირაკლი ანთაძე: ინტენსიურად მიმდინარეობს კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა რუსეთის საოკუპაციო ძალებზე განხორციელდეს ადეკვატური ზეწოლა და უკანონო პატიმარი, ზაზა გახელაძე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე სოფელ ქვემო ჭალაში იმყოფებოდა, სადაც ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა და მათ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო.
ანთაძის განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებად ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი.
„დღევანდელი ანტიჰუმანური და უკანონო გადაწყვეტილება იმ დანაშაულებრივი პრაქტიკის თვალსაჩინო მაგალითია, რომელსაც წლების განმავლობაში ამკვიდრებენ რუსეთის საოკუპაციო ძალები. ამ დანაშაულებრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.
ეს არის უკიდურესად ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი ქმედება, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული პოზიცია უკანონო დაკავებების დანაშაულებრივ პრაქტიკასთან დაკავშირებით.
მსურს, დაგარწმუნოთ, რომ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა შესაბამის მხარეზე განხორციელდეს ადეკვატური ზეწოლა და უკანონო პატიმარი, ზაზა გახელაძე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს.
ჩვენ ვიყენებთ დიპლომატიურ მექანიზმებს და ასე ხდება ზეწოლა და მესიჯების გაგზავნა რუსეთთან დაკავშირებით. მესმის, რომ პროცესები ვითარდება არც ისე სწრაფად, როგორც გვინდა, თუმცა მთავარია შედეგი“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.