ნიკოლოზ სამხარაძე: ნიკა მელიას განცხადება, რომ არ ემორჩილება კანონს და არ გადაიხდის კანონით დაკისრებულ გირაოს, არის მთლიანად ამ პარტიის და ასევე მასთან მიტმასნილი დანარჩენი ოპოზიციური პარტიების სირცხვილი
“ნიკა მელიას განცხადება კანონით დაკისრებულ გირაოს არ გადახდის თაობაზე სახელმწიფოს უპატივცემულობაა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„როცა საქართველოში მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ არ ემორჩილება კანონს და არ გადაიხდის კანონით დაკისრებულ გირაოს, ეს არის მთლიანად ამ პარტიის და ასევე მასთან მიტმასნილი დანარჩენი ოპოზიციური პარტიების სირცხვილი.
კანონმორჩილება არის მთავარი, რაც ქმნის სახელმწიფოს. შესაბამისად, ჩემთვის ეს განცხადება არა ვაჟკაცობის გამოვლინებაა, არამედ არის კანონის უპატივცემულობა, რომელიც თავის მხრივ ითარგმნება სახელმწიფოს უპატივცემულობაში. შესაბამისად, ამ განცხადებით ნიკა მელია პატივს არ სცემს საქართველოს”, – განაცხადა სამხარაძემ.
ცნობისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნიკა მელია დაიბარეს.
ნიკა მელია აცხადებს – „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“.