საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი – „დონალდ კუკი“ შემოვიდა (ფოტო,ვიდეო)

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი – „დონალდ კუკი“ (USS Donald Cook – DDG-75) შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბათუმის პორტში ხომალდს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი, რამაზ პაპიძე და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ.

,,ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება.

ხომალდის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შეხვედრები დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართება.

Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი „დონალდ კუკი“ აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში სხვადასხვა მისიაში მონაწილეობს და ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატო-ს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას.

„დონალდ კუკი“ საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ხვალ, 6 თებერვალს საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი სწავლების დასრულების შემდგომ დატოვებს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები