ალუდა ღუდუშაური: დღევანდელი ოპოზიცია ერთ დიდ ,,კოლხოზს“ წარმოადგენს, სადაც უმნიშვნელოვანესი საკითხია, ვის სწყალობს და ვის უწყრება მამა
პარლამენტში ოპოზიციის დაბრუნების ფასად დათმობს თუ არა ,,ქართული ოცნება“ მთავარს და დათანხმდება თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს თუნდაც ოპოზიციურ პარტიათა რეიტინგის გადაარჩენად – ,,კვირა“ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ალუდა ღუდუშაურს ესაუბრა:
-ქართული ოპოზიციის გადაწყვეტილებებს ბზარი გაუჩნდა. განხეთქილება დიდ და მცირე პარტიებს შორის გარდაუვალია?
-დემოკრატიული ქვეყნისთვის რომ ოპოზიციური აზრი და ძლიერი ოპოზიციური პარტიები მნიშვნელოვანია, ამაზე არავინ დავობს, ოპოზიციური პარტიების ხმა კი საპარლამენტო ტრიბუნიდან უნდა ისმოდეს. ისეთ ოპოზიციას, რომელიც დღეს გვყავს, არც ქვეყანა და არც ქართველი ხალხი არ იმსახურებენ.
-ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, თითქოს, ქართულმა ოპოზიციამ მთავარი სამიზნე დაკარგა და მათი განცხახადებებიც ურთიერთგამომრიცხავი გახდა.
-ბიძინა ივანიშილის პოლიტიკიდან წასვლა დემოკრატიის ურყევი ნების გამოხატულება იყო. მცირე პარტიები თუ თავს ვერ დააღწევენ ,,უფროსი ძმის“ პოლიტიკურ ბულინგს, ეს პროცესი მათთვის კრახით დასრულდება. პოლიტიკოსთა კრიტიკა და ოპონირება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებს თუ გასცდება და ტალახის სროლად თუ უაზრო აკვიატებად იქცევა, ოპოზიციური პარტიები ელექტორატის ნდობას დაკარგავენ, რაც აისახა კიდეც NDI-ის უკანასკნელ კვლევაში.
-ოპოზიციური სპექტრის დასუსტება არც მმართველ პარტიას უნდა აძლევდეს ხელს.
-ოპოზიციას ავიწყდება, რომ ქვეყანა უამრავი, ძალზე მნიშნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას და ელექტორატის პრობლემები მხოლოდ პარლამენტში მათი შესვლა-არშესვლით არ შემოიფარგლება. მეჩვენება, რომ დღევანდელი ოპოზიცია ერთ ,,კოლხოზს“ წარმოადგენს, სადაც უმნიშვნელოვანესი საკითხი ისაა, ვის სწყალობს და ვის უწყრება მამა. ოპოზიციის ქმედება ქვეყნისა და ამომრჩევლის შეურაცხყოფაა. ტელეეკრანებიდან ვადევნებთ თვალს, გუშინ ერთ მაგიდაზე მსხდომი ლიდერები დღეს როგორი დაუნდობლობით ლანძღავენ ერთმანეთს და, შერიგების ნიშნად, როგორ ჩუქნიან სატელევიზიო სტუდიებში სათმაშო იარაღს. თითქოს, ამ თამაშის გარდა ქვეყანაში სხვა პრობლემები აღარ არსებობდეს.
-გამოიყენებს ოპოზიცია მიცემულ შანსს და თუნდაც ნაწილი დეპუტატებისა მაინც შევა საკანონმდებლო ორგანოში?
-,,ქართულმა ოცნებამ“, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შემოსასვლელი კარიც ღია დახვედროდათ და ფანჯარაც. საკანონმდებლო ორგანოში შემოსვლის პრობლემა არ აქვს ნებისმიერ, თუნდაც პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფსაც კი.
-იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატთა რაოდენობა 100-ზე ნაკლები იქნება, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში სერიოზული პრობლემები შეექმნება?
-პარლამენტის ლეგიტიმაციას იოტისოდენა პრობლემაც არ შეექმნება. მართალია, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ქვორუმი არ გვეყოფა, თუმცა, დანარჩენ არცერთ კანონს დეპუტატთა რაოდენობის სიმცირის პრობლემა არ აქვს.
-როდესაც ,,ქართული ოცნების“ ზოგიერთი ლიდერი საკანონმდებლო ორგანოში კიდევ 20-მდე ოპოზიციონერის შესვლას აანონსებს, კერძოდ, რომელ დეპუტატებს გულისხმობენ?
-კულუარული საუბრები და მოლაპარაკებები არ გვაქვს არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან. მმართველი გუნდი მზად არის ნებისმიერი სახის თანამშრომლობისთვის. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შემოგვიერთდეს. ვისაც საამისო არც თავი, არც შესაძლებლობა აქვს, აუცილებლად ქუჩაში დარჩება, თუმცა, ქუჩიდან ვერაფერს შეცვლის და პოლიტიკური პროცესების მიღმა აღმოჩნდება. გასაგებია, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის ძალზე ძნელია სააკაშვილი-ბოკერია-უგულავას და, თქვენ წარმოიდგინეთ, აკაკი ბობოხიძის პოლიტიკური ბულინგისგან თავის დაღწევა, მაგრამ სათანადო ,,გმირობა“ უნდა გამოიჩინონ და ეს ბარიერი გადალახონ, რადგან ხვალ და ზეგ საკუთარ ამომრჩეველს თვალებში უნდა ჩახედონ. უკვე თავადაც კარგად ესმით, რომ თუ ელექტორატის, ამდენი ფასილიტატორი ელჩისა და ქვეყნის ინტერესებს არ გაითვალისწინებენ, ფატალურად დაასრულებენ თავიანთ პოლიტიკურ კარიერას.
-ჯერჯერობით, ოპოზიციური ერთობის ერთადერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა, რასაც ,,ქართული ოცნება“ არც განიხილავს. შესაძლებელია, მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს?
-რიგგარეშე არჩევნების თემა არ განიხილება. ოპოზიციის შანტაჟსა და საბოტაჟს არავინ წამოეგება. კარგი იქნება, თუ პოლიტიკური ლიდერები ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობით არ დაკავდებიან, საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე იზრუნებენ პანდემიით გამოწვეყლ უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში, კარგი იქნება, თუ ყველა ერთად ვიფიქრებთ იმაზე, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და არა იმაზე, როგორ მოვარყიოთ მისი დემოკრატიული ინსტიტუტები.
ია დანელია