ნიკოლოზ მეტრეველი: დაძაბულობა ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ დასამალი აღარავისთვისაა
ოპოზიციის დაღმავალ რეიტინგსა და იმ დათქმებზე, რომელთა შესრულების შემთხვევაში ქუჩაში დარჩენილი პარტიები საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნდებიან, ,,კვირა“ ექსპერტ ნიკოლოზ მეტრეველს ესაუბრა:
-ევროკავშირისა და ამერიკის ელჩები საქართველოში სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოპოზიცია რეიტინგს კარგავს. ხომ არ მოხდება ისე, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციური პარტიები, ორიოდ მსხვილი პარტიის გარდა, პოლიტიკური ავანსცენიდან სრულიად გაქრებიან?
-როდესაც სერიოზულ ტრიბუნას კარგავ, როდესაც ამომრჩეველი შენგან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და საპარლამენტო ტრიბუნიდან მისი ხმის გაჟღერებას ითხოვს, როდესაც ქვეყნის ყველა დასავლელი პარტნიორი გთხოვს, შეხვიდე პარლამენტში და იქ გააგრძელო პოლიტიკური ბრძოლა, თუმცა, შენ ჯიუტად არ თანხმდები და ქუჩაში ,,სვისტოკით“ დგახარ, აღარ უნდა გაგიკვირდეს, რომ რეიტინგს კარგავ. გავიხსენოთ, როგორ დასუსტდა ქართული ოპოზიცია 2008 წელს, როდესაც თავისი გაუაზრებელი გადაწყვეტილებების გამო რეიტინგი დაკარგა და სააკაშვილის ხელისუფლებას საშუალება მისცა, განეხორციელებინა უმძიმესი რეპრესიები.
-ჩიხში შესული ოპოზიცია ხელისუფლებისგან დათმობას ელის…
-მიუხედავად ჩიხური სიტუაციისა, ოპოზიცია საქართველოში მაინც რევოლუციას აანონსებს, თუმცა, რევოლუციები ასე არ ხდება და ეს, უპირველესად, სწორედ ქართულ ოპოზიციას მოეხსენება. თუ გამოცდილება არ ჰყოფნით, წიგნები წაიკითხონ, ბოლოს და ბოლოს. მათი პარლამენტში შესვლა-არშესვლა ქვეყანაში რევოლუციურ სიტუაციას ვერ განაპირობებს.
-დემოკრატიულ ქვეყანაში არც ის ივარგებს, რომ ოპოზიცია საერთოდ გაქრეს პოლიტიკური ველიდან.
-რა ქნას ხელისუფლებამ? ,,ქართული ოცნება“ ძალით ხომ ვერ წავა ოპოზიციაში? პარტიებმა, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლა სურთ, ბევრი უნდა იშრომონ და იბრძოლონ იმისათვის, რომ არჩევნების გზით ამომრჩეველთა სიმპათია დაიმსახურონ და ამომრჩეველმა მათ ხელისუფლება ანდოს. ამას ხვდება ელისაშვილი, ,,გირჩის“ ნაწილი, შესაძლოა – სხვა პოლიტიკოსებიც, რომლებიც ჯერაც პოლიტიკური ტერორის ქვეშ არიან და ამის აღიარებას ღიად ვერ ბედავენ.
-პოლიტიკურ კულუარებში ,,რესპუბლიკელების“ უკმაყოფილებაზე საუბრობენ და მათ პარლამენტში შესვლას აანონსებენ.
-გუშინ დავით ბერძენიშვილის გამოსვლას ვუსმინე. პოლიტიკური სიტუაციის მშვენიერი ანალიზი გააკეთა, განიხილა ოპოზიციის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. როგორც მახსოვს, ბატონი დავითი თავიდანვე მოუწოდებდა ოპოზიციას, შესულიყო პარლამენტში და ჩანს, ,,რესპუბლიკური პარტიის“ წევრები სადეპუტატო მანდატებს არ დათმობენ. აღარაფერს ვამბობ ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილ დაძაბულობაზე, რომელიც უკვე დასამალი აღარავისთვისაა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე უკვე ღიად აცხადებს, რომ, არჩევნებში მიღებული ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, ,,ნაციონალები“ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ასეთი უღირსი საქციელი და ქვეყნის ღალატი ძნელად წარმოსადგენია ნებისმიერი პარტიისთვის. ამომრჩეველი ყველაფერს ხედავს, ამიტომაც ეცემა ოპოზიციური რეიტინგი ასე კატასტროფულად. ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებს, რომლებმაც ამდენი ძალისხმევა გამოიჩინეს მოლაპარაკებათა პროცესში, შალვა ნათელაშვილის ყურება აინტერესებდათ?
-მიუხედავად რეიტინგის კარგვისა, ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ბრძოლაში მაინც სერიოზული გამარჯვების იმედი აქვს.
-,,ნაციონალებს“ არა თუ სერიოზული გამარჯვებისა და პერსპექტივის იმედი უნდა ჰქონდეთ, კარგად უნდა გაიაზრონ, რომ თვით მათი ამომრჩეველიც კი არ არის ისეთი მოკლე თვალსაწიერისა და ისტორიული მეხსიერების მქონე, რომ მათ ყველაფერი მიუტევოს.
ია დანელია