„ბროწეულები პატარა, ზრდასრულ ადამიანებს მაგონებს, რომლებმაც იციან, რა უნდათ ცხოვრებაში“… –  ვან გოგის მზესუმზირები, გაფერადებული სამყარო და სასწაულების მოლოდინი

ტკივილიანი ბავშვობით დაწყებული გზა საქართველომდე – ოდესის ბავშვთა სახლიდან წამოიყვანა და ქართულმა ოჯახმა იშვილა.
ხატვა გვიან დაიწყო, როდესაც ისრაელში ყოფნის დროს მოულოდნელად თელ-ავივის გამოფენაზე მიიწვიეს. ისრაელიდან გერმანიაში გადავიდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად, მაგრამ დაუგვიანდა საბუთების შეტანა… ერთხანს სანქტ-პეტერბურგიც ცხოვრობდა,
მრავალი წარმატებული გამოფენა ჰქონდა: გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიაში, ისრაელში…
გამორჩეულია პოპ-არტის სტილში შესრულებული მისი სიუჟეტები.
ხატავს ვიტრაჟებს, ჭურჭელზე, სხვადასხვა საგანზე, ტანსაცმელზე,  ფეხსაცმელზე, ჰუდებზე… ამბობს, რომ ადგილს არ ტოვებს გაუფერადებელს.
ეკა ტყემალაძის (ლუდმილა ვაინშტეინი) პერსონა.

 – მძიმე ბავშვობა გქონდათ. უკრაინიდან, ოდესის ბავშვთა სახლიდან წამოგიყვანეს და გიშვილათ ქართულმა ოჯახმა. ეს სევდა ალბათ მთელი ცხოვრება გაგყვათ…
– ბავშვობაში და მოზარდობის ხანაშიც მიჭირდა ამ თემაზე ფიქრი, ყოველთვის ყელში ბურთი მეჩხირებოდა, როცა ვიხსენებდი ჩემი გაშვილების ამბავს. ძნელია, დაკარგო ოჯახი, თან თუ იცი, რომ ძალით წაგართვეს ის.
შემდეგ შევეგუე და უფრო ბიოლოგიურ დედაზე ვფიქრობდი, თითქოს მისი ტკივილით ვცხოვრობდი და დღესაც გული მტკივა, თუ როგორ უსამართლოდ მოექცა ცხოვრება მას.
– ხატვა გვიან, 2012 წელს, დაიწყეთ, როდესაც ისრაელში ცხოვრობდით. 2 ნამუშევარი გამოიფინა კიდეც თელ-ავივში, გამოფენაზე… პირველი ნამუშევრები…
–  2012 წელს ისრაელში გადავედი საცხოვრებლად, 3 წლის მერე ხატვა დავიწყე. 2015 წელს ჩემი ორი ნამუშევარი დავდე სოციალურ ქსელში და რამდენიმე დღეში მომიწვიეს თელ-ავივის ჯგუფურ გამოფენაზე, რასაც მართლა არ ველოდი. ძალიან გაოგნებული და დაბნეული ვიყავი, არასოდეს მიფიქრია, ჩემი ცხოვრება ამ კუთხით ასე თუ შეიცვლებოდა. მართლა არსებობს სასიამოვნო მოულოდნელობები და მას მოჰყვება უამრავი ოცნებაც… ვფიქრობ, როცა ერთ რამეს აკეთებ, აუცილებლად მოჰყვება მეორე, მესამე და ასე ვვითარდებით.  მთავარია, არ იზარმაცო და გჯეროდეს სასიამოვნო სასწაულების.
გერმანიაშიც ცხოვრობდით, მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში შესასვლელად. მაგრამ ისე მოხდა, რომ მალევე დაბრუნდით საქართველოში…
– 2016 წელს ისრაელიდან გადავედი გერმანიაში, რომ მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა, მაგრამ ისე მოხდა, რომ დავაგვიანე საბუთების შეტანა. თავიდან ამ ამბავმა დამასევდიანა, მაგრამ მერე და ახლაც ვაცნობიერებ, რომ ასე სჯობდა, რადგან არავის ზეგავლენის ქვეშ არ ვარ და იმას ვქმნი, რაც მე მინდა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პროფესიულ დონეზე არ ვხატავდე.
მომწონს საკუთარ თავზე ექპერიმენტები და ტილოზე ხატვის გარდა, ვისწავლე შუშაზეც, ტანსაცმელზეც ხატვაც და სამომავლოდ კიდევ უამრავი გეგმა მაქვს.  საქართველოში დავბრუნდი, რადგან დედა მყავდა მოხუცი და ვეღარ დავტოვებდი მას დიდხანს უჩემოდ.
– სანქტ-პეტერბურგშიც ცხოვრობდით. მრავალი წარმატებული გამოფენა გქონდათ: გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიაში, ისრაელში… რა შეგძინათ ამ პერიოდმა, როგორც ხელოვანს?
– საინტერესოა სხვადასხვა ქვეყანაში გამოფენების გამართვა იმ მხრივ, რომ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები ეცნობიან შენს შემოქმედებას და თითქოს ხვდებიან კიდეც, რისი თქმა გინდოდა ამით.
ასევე შენც ეცნობი სხვათა შემოქმედებას და უამრავი იდეა გებადება. იმავდროულად, უფრო და უფრო იზრდება გემოვნებაც, იცვლება შეხედულებებიც  და პიროვნულადაც იცვლები, რადგან ყოველი ქვეყანა თავისებურად გითრევს თავის ცხოვრებაში და თითქოს ხელახლა იბადები.
– ხატავთ ვიტრაჟებს, ჭურჭელზე, სხვადასხვა საგანზე, თვალში საცემია ნათელი ფერები… ვანგოგისეული მზისფერი. ალბათ არა შემთხვევით?
– შუშაზე ხატვა  შემთხვევით დავიწყე, ისევ და ისევ ჩემი ექსპერიმენტებით, ე.წ. ცდებით. პირველად ვან გოგის „მზესუმზირები“ დავხატე, პირველს მოჰყვა მეორე, მესამე და მერე გადავედი ჭურჭელზე – საშაქრეებზე, სამურაბეებზე, ჭიქებზე, გრაფინებზე… ამ ყველაფერმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და მეც ვერ ვჩერდები… ძალიან სასიამოვნო პროცესია და აუცილებელია ნებისყოფაც, რადგან როგორი სასიამოვნოცაა, ისეთივე რთული ტექნიკაა.
ვიტრაჟის საღებავი არ ჰგავს სხვა საღებავებს: ზეთს, აკრილს ან გუაშს… სულ სხვა რამეა. ეს არის წყალივით თხელი მასა, რომელიც ძალიან ფრთხილად და სწორად უნდა აკონტროლო, რომ არ გაგიფუჭდეს ნაშრომი. ტანსაცმელზეც,  ფეხსაცმელზეც ვხატავ… ალბათ არ დავტოვებ ადგილს, რომ არ გავაფერადო.
ხატავთ ჰუდებსაც… შეკვეთები გექნებათ ამ ტანსაცმელზეც… ძირითადად რისი მოხატვა სურთ?
– ჰუდებზეც  ვბეჭდავ კარგი ხარისხის პრინტით, ჩემი ჰუდების უმეტესი ნაწილი ამერიკაში წავიდა. მაისურებზეც დავბეჭდავ. ძირითადად, ჩემი ნახატებით მაბეჭდვინებენ, რისთვისაც ყოველი დამკვეთის მადლობელი ვარ.
– რატომ გიყვართ ბროწეულების ხატვა?…
– ბროწეული ულამაზესი ქმნილებაა. ის ჩემთვის მარტო ხილი კი არ არის, არამედ მისი აყვავება და დამწიფება სულიერად გაზრდილ ადამიანებს მაგონებს, პატარა, ზრდასრულ ადამიანებს, რომლებმაც იციან, რა უნდათ ცხოვრებაში და მიჰყვებიან თავიანთ გზებს.
– თუ ხელოვნება იმისთვის არსებობს, რომ სამყაროში შენი მისია იპოვო, თქვენ იპოვეთ თქვენი მისია?
არ ვთვლი, რომ ხელოვნება მისია იყოს. ეს ბუნებისგან ძალიან დიდი საჩუქარია, რომელიც ყველას არ მიუღია, სამწუხაროდ. როცა იბადები ნიჭით და ამას ხელს შეაშველებ… მაშინ ყალიბდები განსაკუთრებული. ვფიქრობ, ყველა ხელოვანი განსაკუთრებულია, ხელოვნება ხომ მარტო ხატვით არ შემოიფარგლება, უამრავ რამეს მოიცავს. ხელოვანია მწერალი, მომღერალი, პოეტი, რა ჩამოთვლის, იმდენია. მთავარია, ამ ნიჭს ხელი არ ვკრათ და მთელი ცხოვრება სხვა რამით არ ვიყოთ დაკავებული.
ხელოვნებამ მაპოვნინა საკუთარი თავი და არამცთუ მაპოვნინა, არამედ უფრო მეტადაც კი შემაყვარა.
ჰობი…
– ჩემი ჰობი, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და მათზე მუშაობაა.
– როგორ იმოქმედა პანდემიამ თქვენზე, როგორც შემოქმედზე? ბევრი ნამუშევარი დახატეთ?
– პანდემიამ, როგორც უმეტესობაზე, ჩემზეც მძიმედ იმოქმედა. ამასთან ერთად, ამ წელს ჩემი საყვარელი ადამიანი დავკარგე, დედა…
2020 წელი, ალბათ ყველაზე დიდი ტკივილია ჩემთვის, რაც კი ოდესმე მიმიღია.
– ამჟამად?
– ამჟამად სახლში ვმუშაობ, ვხატავ ტილოზე, შუშაზე და, ამასთან ერთად, ვაკეთებ საერთაშორისო პლატფორმას, რომელზეც გავიტან ჩემს შემოქმედებას სხვადასხვა ქვეყანაში.
– სამომავლო გეგმები…
– გეგმებს რაც შეეხება, აუცილებლად ვგეგმავ გამოფენების მოწყობას არა მარტო საქართველოში. მინდა ჩემი ხელთნაკეთი ნივთების საზღვარგარეთ გატანა და თუ იქნება საშუალება, როცა ქვეყანა განაგრძობს ჩვეულ რიტმში ცხოვრებას, ჩემი გალერეის გახსნასაც ვგეგმავ…

                                                                                                                                      თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები