შსს ფოთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1986 წელს დაბადებული შ.პ. ფოთში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2021 წლის 4 თებერვალს ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, 1978 წელს დაბადებული გ.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

“პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შ.პ. მომხდარიდან მალევე ფოთში დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების  7 დან 15 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები