„მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ქართული კონტინგენტის მორიგი როტაცია განხორციელდა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების მიზნით საქართველოს თავდაცვის ძალების მორიგი ქვედანაყოფი გაემგზავრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა კაპიტან შოთა გიორგაძის მეთაურობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა – ირაკლი ჭიჭინაძემ, დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა – კობა გრიგოლიამ, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ, ვიცეპოლკოვნიკმა ლარს უკერვიცმა და ბრიგადის მეთაურმა, ვიცეპოლკოვნიკმა მიხეილ გოგნაძემ გააცილეს.

“მათ სამხედრო მოსამსახურეებს მისიის წარმატებით შესრულება და მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. ქართველი მშვიდობისმყოფელები ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ შეასრულებენ. ქვედანაყოფი როტაციის წესით აღმოსავლეთ სარდლობის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს და 6 თვის განმავლობაში მისი პასუხისმგებლობა სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება. მშვიდობისმყოფელებმა ხუთთვიანი გადასროლისწინა მომზადება გერმანიაში გაიარეს. მათ ბუნდესვერის სამხედრო ბაზებზე ასეულის დონეზე ტაქტიკური, საცეცხლე, სამედიცინო და კავშირგაბმულობის საკითხები შეისწავლეს. გერმანიაში სამხედრო სწავლებამდე კი შესაბამისი მომზადება საქართველოში ჩაუტარდათ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები