ოკუპირებულ აფხაზეთში კაზაკებმა პუტინის მხარდამჭერი ე.წ. საზოგადოებრივი შტაბი შექმნეს

ოკუპირებული აფხაზეთის ექვსმა ე.წ. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი შტაბი შექმნა.

ე.წ.საზოგადოებრივ შტაბში შევიდნენ: “აფხაზეთის რუსული თემი”, “აფხაზეთის კაზაკთა შავი ზღვის არმია”, “აფხაზეთის კაზაკთა და კაზაკ -ვეტერანთა კავშირი”, “აფხაზეთის, დონეცკის, ლუგანსკისა და რუსეთის ურთიერთგანვითარების ფონდი “სამშობლო”, “აფხაზეთში რუსი თანამემამულეების ეკონომიკური მხარდაჭერის ასოციაცია” და “აფხაზეთის კაზაკთა თემი”.

შტაბის მონაწილეთა აზრით, “შექმნილი საერთაშორისო ვითარება, ასევე რუსეთის შიდა საქმეებში აშშ-ის უხეში ჩარევა, ასევე ალექსი ნავალნის მიმართ ღია მხარდაჭერა, რომელიც რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების არევას ემსახურება, ავალდებულებს აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეებს და თანამემამულეებს იყვნენ ერთნი და კონსოლიდირებულები”.

“განსაკუთრებით აფხაზეთის რესპუბლიკის მოსახლეობა, რომელმაც დამოუკიდებლობა სისხლისღვრით მოიპოვა, ასევე საერთაშორისო აღიარება რუსეთის მიერ 2008 წელს მოიპოვა”,- ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, აფხაზეთის ე.წ.საზოგადოებრივი ორგანიზაციები პუტინის მხარდამჭერი აქციის გამართვას რუსეთის ე.წ.საელჩოსთან გეგმავდნენ, თუმცა მოგვიანებით თქვეს, რომ ღონისძიება პანდემიის გამო გადადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები