მაია ბითაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს შეხვდა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე კომიტეტის საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე იმსჯელეს. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან განვიხილეთ კომიტეტის საქმიანობის სამომავლო ხედვები როგორც წიაღის სექტორის რეფორმის, ასევე, მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობის მექანიზმები, რათა საქართველოს პარლამენტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს შორის კოორდინაცია გაძლიერდეს, გამომდინარე ასოცირების ხელშეკრულებების ვალდებულებების იმ ნაწილიდან, რომელიც ეხება წიაღის სექტორის ეფექტიან განვითარებას, საბადოთა რეკულტივაციისა და კონსერვაციის რეგულაციების ახალი სისტემის დანერგვას, ასევე, ეკონომიკაში ახალი მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებას”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მაია ბითაძემ.