-გარეჯის ირგვლივ ატეხილ პოლიტიკურ სკანდალს თვალს ადევნებთ. თქვენი თაობისთვის ეს ძალზე მტკივნეული თემაა, რადგან გარეჯის პრობლემით დაიწყო ეროვნული მოძრაობა საქართველოში.
-გარეჯში მე და ჩემი მეგობრები წლობით ვცხოვრობდით. ვთვლი, რომ მელაშვილი და ილიჩოვა გამოძების პროცესში არ უნდა დაეჭირათ. მაშინ ნაკლებად მტკივნეული პოლიტიკური ვაჭრობის მომსწრენი გავხდებოდით. ოპოზიციას, მათი დაჭერით, სპეკულაციის საშუალება მიეცა. ვუყურე ,,ტვ პირველის” ეთერს, რომელიც ჩემთვის მტკივნეული აღმოჩნდა. ძალიან გამიკვირდა იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც 90-იან წლებში ჩვენს გვერდით იდგნენ ეროვნული მოძრაობის დასაწყისში. ახლა, 30 წლის შემდეგ ისინი გარეჯის პრობლემების ირგვლივ სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. განსაკუთრებით გამაკვირვა აკაკი ბობოხიძის განცხადებამ, რომელიც დაეთანხმა მელაშვილს, რომ გარეჯი არ არის საქართველო. მერე კი დარბაზმა გაამართლა მელაშვილი, დაიწყეს იმის მტკიცება, რომ მას, თითქოს, იმ კონტექსტში არ უთქვამს ის, რაც თქვა. რამდენჯერმე გადავახვიე ივერი მელაშვილის განცხადებას და გარწმუნებთ, მან ზუსტად ის თქვა, რაც ჩვენ გავიგონეთ!
-რომ გარეჯი საქართველო არ არის?
-დიახ. გარეჯი, ჩიჩხიტური და უდაბნოს ნაწილი საქართველო რომ არ არის, ამაში მე ვერავინ დამარწმუნებს. ჩემი თაობა ცხოვრობდა გარეჯში და ყველაფერი თავად გვაქვს ნანახი. გვინახავს ის რუკებიც, რომლითაც, თავის დროზე, რუსი სამხედროები პოლიგონზე მანევრირებისას სარგებლობდნენ. ნახონ საბჭოთა კავშირისდროინდელი პოლიგონის რუკები, როგორ გადის გარეჯის მიღმა საქართველოს საზღვრები, არავითარი აზერბაიჯანის ტერიტორია იქ არ ფიქსირდება. მეორე, რაც ძალზე ცუდად მენიშნა: როგორ ხდება, რომ ზუსტად ის ადამიანები გაჰკივიან, დავით გარეჯი საქართველო არ არისო, რომლებსაც ეჭვი არ შეაქვს აქსიომაში, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ის ოკუპანტია. თუ რუსეთი ოკუპანტია, დავით გარეჯი საქართველო როგორ არ არის? პოლიტიკური მანიპულაციისთვის ილიჩოვასა და მელაშვილის საკითხი რომ გჭირდება, შენსავე აქსიომაზე ამბობ უარს? ჩვენი პოლიტიკური ,,ელიტა“, რომელსაც მე პოლიტიკური ,,ბნელიტა“ დავარქვი, თავისი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად ნებისმიერ პროვოკაციაზე წავა. ეროვნული მოძრაობა ასე არ იწყებოდა. არსებობდა პრინციპები, რომელსაც ვეწირებოდით.
-90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ლიდერები, მათ შორის, თქვენი მეგობრები დღეს სრულიად სხვა პრინციაზე დგანან…
-მათ გვერდით ვეღარასოდეს დავდგები და აღარც ისინი არიან ჩემი მეგობრები. 9 წელი რომ საკაშვილის რეჟიმს ებრძოდი, დღეს სტუდიაში მათთან ერთად როგორღა ზიხარ? სააკაშვილის მხარეს ხარ იმიტომ, რომ პოლიტიკური ქულა ჩაიწერო? არ მჭირდება ასეთი პოლიტიკური ქულა, რომელიც იმით მოიპოვე, რომ განაცხადე – დავით გარეჟი საქართველო არ არისო. ,,ტვ პირველის“ დარბაზს მე დავარქვი კოლექტიური სამადაშვილი!
-2 თებერვლამდე, ანუ იმ დრომდე, როდესაც ოპოზიციას პარლამეტში შესვლის ვადა ეწურება, სულ რამდენიმე საათია დარჩენილი. როგორ ფიქრობთ, დეპუტატთა ნაწილი მაინც შევა პარლამენტში?
-თავიდანვე, ქუჩაში დარჩენა იყო ოპოზიციის დიდი შეცდომა. ყველაზე მეტად პრეტენზიის დაფუძველი ირმა ინაშვილს ჰქონდა. დანარჩენ პარტიებს რა ალაპარაკებდათ? ზუსტად იმდენი და ცოტა მეტი ხმაც მიიღეს, რაც ეკუთვნოდათ. პარლამეტში შესვლა-არშესვლის თემა მათ პოლიტიკური ვაჭრობისთვის სარფიანად გამოიყენეს. ახლა შევლენ და ასე დამთავრდება ყველაფერი!
-ამ ვაჭრობით რა მოიგო ოპოზიციამ?
-ფული… პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს აძახებენ, ვინ რამდენი გამოიმუშავა პარლამენტში შეუსვლელობით. მილიონებზეა ლაპარაკი.
-დღეს რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, პარტიები იმავე რაოდენობის ხმებს მიიღებენ, როგორიც 31 ოქტომბერს მიიღეს?
-ჩემი აზრით, ამ წუთში ამომრჩევლისთვის ყველაზე მისაღებად გამოიყურებიან ,,ქართული ოცნება“, ,,პატრიოტები“ და ,,ქართული მარში.“ ეს უკანასკნელი 2 პარტია არჩევნებში ყველაზე მეტად დაზარალდა. სიმპათიურად გამოიყურება ,,ოცნებიდან“ წამოსული 9 პოლიტიკური ლიდერიც, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ სიბინძურეში არ ჩარეულან. ამ ადამიანებს ვერავინ ეტყვის, რომ არ უბრძოლიათ და პარლამენტში ფულის საკეთებლად შევიდნენ. თუ ისინი კარგად წარმართავენ თავიანთ საარჩევნო კომპანიას, დიდი შანსია, რომ გაბრაზებული ამომრჩეველი, რომელსაც იმედი გაუცრუათ 31 ოქტომბრის არჩევნებმა, მათ დაუჭერს მხარს.
-,,ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველი შეუთხელდება?
– ,,ნაციონალების“ ამომრჩეველი სულ სხვა თემაა. მისი სტაბილური ამომრჩეველი შესაძლოა, შეთხელდეს, მაგრამ მაინც უმრავლესობაში იქნება, ვიდრე – სხვა პატარა პარტიების ამომრჩეველი და ის 12-დან 20%-მდე იმერყევებს. ,,ლელომ“ ვერ შეძლო, დადებითად შემოსულიყო ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე. თავის თავში ეძებონ, სად დაუშვეს შეცდომა. ყოველ შემთხვევაში, ამ ახლადშექმნილმა პარტიამ პოლიტიკურ სარბიელზე ის როლი ვერ ითამაშა, რისი პრეტენზიაც ჰქონდა. გააჩნია, მომავალში როგორ დაგეგმავს საკუთარ პოლიტიკურ აქტივობას, თორემ ,,ლელოსაც“ შეიძლება, ჰყავდეს 6-7%-იანი სტაბილური ამომრჩეველი. თუ პარტია დღეს არსებულ ოპოზიციურ ვაკჰანალიაში გადაეშვება, ამომრჩეველს დაკარგავს.
-დანარჩენ მცირე ოპოზიციურ პარტიებზე რას იტყვით?
-ისინი ქუჩაში, ფაქტობრივად, გამარგინალდნენ. ქუჩის ბრძოლა უნდა იცოდე, იქ ,,ლელოსა“ და ,,გირჩის“ ადგილი არ არის.
ია დანელია