თენგიზ ცერცვაძის პასუხი ჭიჭინაძეს: საინტერესოა, ბატონი დავით ჭიჭინაძე ჩვენთვის პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოს
ბატონი დავითის ეს განცხადება ქართული სინამდვილთვისაც კი ანეკდოტია – საინტერესოა, ბატონი დავითი ჩვენთვის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოს – ასე პასუხობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცცვაძე “ტრიბუნას” ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებას, რომ გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძესთან მიმართებაში გამოძიებაა ჩასატარებელი.
როგორც თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, მისთვის გაუგებარია დავით ჭიჭინაძეს, “ასე რა გაუჭირდა, რომ საზოგადოებისთვის თავის შესახსენებლად ამ გზას მიმართა”.
“27 იანვრის ონლაინ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, სადაც პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ითხოვს „კორონავირუსთან” მებრძოლი ექიმების გამყრელიძის, ცერცვაძის და იმნაძის მიმართ სერიოზული გამოძიების ჩატარებას?! ვინაიდან, მათ მიერ (ესე იგი ჩვენს მიერ, თ.ც.) გადადგმული ყველა ნაბიჯი საკმაოდ ძვირი დაუჯდა ქვეყანას და ხალხს, როგორც ეკონომიკურად, ისე ჯანმრთელობის მხრივ?!“. ბ-ნი დავითის ეს განცხადება ქართული სინამდვილთვისაც კი ანეგკოტია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველო ძალიან დიდი წარმატებით მართავს COVID-19-ის პანდემიას, შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო COVID საწინააღმდეგო სამსახური და აქვს ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს შორის COVID-19-ით სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. საგულისხმოა, რომ ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგით COVID-19-ის საწინააღმდეგო ბრძოლის ეფექტიანობის თვალსაზრისით (შეფასება კომპლექსურია და ეფუძნება სულ 19 ინდიკატორს) საქართველო, მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის სისტემატურად ხვდება პირველ ათეულში!
არადა, რომ შეხედავ ბ-ნი დავითი ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. გამოგიტყდებით, მის მიმართ გარკვეული სიმპათიითაც კი ვიყავით განწყობილი და ასე რა გაუჭირდა, რომ საზოგადოებისთვის თავის შესახსენებლად ამ გზას მიმართა.
მე მინდა ვურჩიო ბ-ნ დავითს, გაწევრიანდეს ახლადშექმნილ ე.წ. „ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციაში“, რამდენადაც ეს ალბათ, ერთდერთი ორგანიზაციაა ქვეყანაში, სადაც ბ-ნმა დავითმა შეიძლება თანამოაზრეები იპოვნოს. ეს საშუალებას მისცემს ბ-ნ დავითს მომავალ არჩევნებზე დაიმატოს ასოციაციის წევრთა 8 ან 9 ხმა, რაც მის მიერ ბოლო არჩევნებზე ნაჩვენები შედეგის გათვალისწინებით ცოტა ნამდვილად არ არის.
P.S. საინტერესოა, ბ-ნი დავითი ჩვენთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოს”, – წერს თენგიზ ცერცვაძე.