მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციური ძალები და დაკავებულებიც დაკავებულნი იყვნენ იმის გაცხადებით, რომ დავით გარეჯი საქართველო არ არის
“მოტივაცია, რომ საქმეს პოლიტიკური ელფერი მიეცეს, შეიძლება, ჰქონდეს ბრალდებულებსაც და იმ პოლიტიკურ ჯგუფებსაც, რომლის პირობებშიც შეიძლება, საქართველოს პოზიციის საწინააღმდეგოდ ცალკეული გადაწყვეტილებების მიღებას ჰქონოდა ადგილი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია მკაფიოდ არგუმენტირებულ საფუძველს იძლევა, რომ ის მონაკვეთი, რომელზეც ვსაუბრობთ, უნდა ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შემავალ ტერიტორიად.
„კონკრეტული ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით არცერთი დამაჯერებელი ახსნა არ მოგვისმენია და ოპოზიციური ძალები და უშუალოდ ბრალდებულებიც დაკავებულები იყვნენ იმის გაცხადებით, რომ გარეჯი საქართველო არ არის. სრულიად საწინააღმდეგოს ახსნას ვცდილობთ და დავასაბუთოთ იმ მტკიცებულებებით, რომელზეც იყო საუბარი და ბრალდებაც ემყარებოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს, სადაც კონკრეტულად ახსნილია, თუ რატომ არის საქართველო გარეჯის ის მონაკვეთი, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება სადავო იყოს. სამწუხაროდ, ამ წუთას არავითარი შესაძლებლობა არ მაქვს, კონკრეტული დანაშაულის ჩადენის ან არჩადენის თაობაზე ვისაუბრო, მაგრამ ის, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა გამოძიების პროცესიდან ამ მონაკვეთთან დაკავშირებით, მათ შორის, ბრალდებულების განმარტება და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია საქართველოსთვის მკაფიოდ არგუმენტირებულ საფუძველს იძლევა, რომ ის მონაკვეთი რომელზეც ვსაუბრობთ, უნდა ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შემავალ ტერიტორიად. მოტივაცია, რომ საქმეს პოლიტიკური ელფერი მიეცეს, შეიძლება ჰქონდეს ბრალდებულებსაც და იმ პოლიტიკურ ჯგუფებსაც, რომლის პირობებშიც შეიძლება საქართველოს პოზიციის საწინააღმდეგოდ ცალკეული გადაწყვეტილებების მიღებას ჰქონოდა ადგილი.
გამოძიების დასრულებამდე მათ წარედგინათ ბრალდება, რომელიც გულისხმობს ისეთი დანაშაულის ჩადენას, რომელიც იძლევა იმ შეფასების გაკეთების საშუალებას, რაზეც კითხვას სვამთ და ამ შემთხვევაში ღალატს ახსენებთ – ეს ნამდვილად ასეა, ბრალდება არის ამ შინაარსის, უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – დასძინა სარჯველაძემ.