„ერთი თვეა, რაც ჩემი ფოტოების „გაცოცხლება“ დავიწყე ხეზე გადატანით“ – ფოტოხელოვანი, რომლის ნამუშევარი ჰოლანდიელებმა რემბრანდტის შედევრს შეადარეს  

11 წლის იყო, როდესაც პირველი ფოტო გადაიღო, მაგრამ ფოტოხელოვნებით სერიოზულად  ბოლო ერთი წელია დაინტერესდა.  ამბობს, რომ ფოტოაპარატთან 21- წლიანი მეგობრობა აკავშირებს.  პანდემიის დროს კი მეტი დრო დაუთმო კამერას.
პროფესიით ეთნოგრაფი, ანთროპოლოგია. მანამდე მუსიკალურ კოლეჯში საგუნდო-სადირიჟორო მიმართულებითაც მოღვაწეობდა. იყო  ჯანსუღ კახიძის ბიჭუნათა კაპელის წევრი. 2006 წელს კი ჩაირიცხა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და  სწავლა განაგრძო ეთნოგრაფიის მიმართულებაზე.
2010 წლიდან  საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელია. ერთხანს  ცხოვრობდა ჯავახეთში, სადაც ეთნიკურ სომხებს ასწავლიდა  ქართულ ენას.
2014 წელს, ბერგენის უნივერსიტეტში (ნორვეგია)  გაიარა მაგისტრატურა ფილოსოფიური სოციალური ანთროპოლოგიის მიმართულებით, ასევე დაიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მეორე სამაგისტრო ნაშრომი, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს, კონკრეტულად კი, ხუნძებს (დაღესტნელებს) უკავშირდებოდა.
2014 წლიდან დღედე   თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ანთროპოლოგიის მიმართულების დოქტორანტია..
ერთი წლის განმმავლობაში მისი ფოტოები დაიბეჭდა სხვადასხვა უცხოურ ჟურნალში, ერთ-ერთი ფოტო კი  გახდა ჟურნალ „ინდიგოს“ კონკურსის ფინალისტი, ჰოლანდიაში ონლაინგალერეამ გამოფინა მისი 6 ნამუშევარი,  ერთი ფოტო კი გახდა ერთ-ერთი  სტარტაპ  აპლიკაციის (როგორც ფოტოშოფია) სახე.  მისი 2 ფოტო  ასევე გამოიფინა მაიამის DAC  გალერეაში.
ერთი თვეა,  დაიწყ საკუთარი ფოტოების გაცოცხლება“ ხეზე გადატანით, რასაც დიდი მოწონება და გამოხამურება მოჰყვა. 2021 წელს დაგეგმილი აქვს ორ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიღება, ასევე მისი ფოტოები სხვადასხვა ფოტოკონკურსში მონაწილეობს. – ეთნოგრაფისა და ფოტოხელოვანის, გიორგი მეურმიშვილის პერსონა.

– 1989 წელს დავიბადე თბილისში და ისევე, როგორც ყველა ჩემს თანატოლს, მეც მომიწია მძიმე 90-იანების გამოვლა, თუმცა ამ ერთი შეხედვით ნაცრისფერ პერიოდსაც ჰქონდა თავისი დადებითი მხარეები: ხალხი, სამეზობლო, სამეგობრო უფრო ახლოს იყო ერთმანეთთან, მახსოვს, თითქმის ყოველდღე სტუმრობდნენ ჩემს მშობლებს მეგობრები, სანთლის შუქზე უზიარებდნენ ერთმანეთს ემოციებს, ცოდნას და ამ ყველაფრით ერთმანეთს თანადგომას უცხადებდნენ. არც ბავშვები ვიყავით ამ მხრივ გამონაკლისი, გაკვეთილების მომზადების შემდეგ ერთი სული გვქონდა, ეზოში ჩავსულიყავით და იმ დროის პოპულარული საბავშვო თამაშებით გაგვერთო თავი. იმის მიუხედავად, რომ რთული პერიოდი იყო, ჩემს მშობლებს შვილებისთვის არაფერი მოუკლიათ, ამაში კი ლომის წილი დედას მიუძღვის. ის მუდამ ცდილობდა, რომ ორივე ვაჟი (მე და ჩემი ძმა) ყოველთვის დაკავებული ვყოფილიყავით  როგორც სპორტით, ასევე ხელოვნების სხვადასხვა დარგით. ყოველთვის ვამბობ, რომ, გაჭირვების მიუხედავად, მე და ჩემს ძმას ძალიან ბედნიერი და საინტერესო ბავშვობა გვქონდა, რაც დედაჩემის და ჩემი ოჯახის დამსახურებაა.

გიორგი მეურმიშვილის ფოტო

– სკოლაში სწავლის პარალელურად სწავლობდით მუსიკალურ სასწავლებელში. შემდეგ – მუსიკალურ კოლეჯში, საგუნდო-სადირიჟორო მიმართულებით. იყავით ჯანსუღ კახიძის ბიჭუნათა კაპელის წევრი…
– მუსიკისადმი თავდაპირველი სიყვარული პაპაჩემის და ჩემი ოჯახის წევრების დამსახურებაა. პაპას ძალიან კარგი ტემბრი ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, თავის დროზე ხელშეწყობა რომ ჰქონოდა, აუცილებლად წარმატებული საოპერო მომღერალი იქნებოდა.
სკოლის პარალელურად მუსიკალურ სასწავლებელშიც ვსწავლობდი, თუმცა, გულახდილად გეტყვით, რომ ფორტეპიანოს გაკვეთილებზე მეტად სიმღერების შესრულება უფრო მიზიდავდა.
ჩემი ბავშვობის საამაყო წლებად იქცა დიდი მაესტროს – ჯანსუღ კახიძის ბიჭუნათა კაპელის წევრობა. კარგად მახსოვს ის დღე, მე და ჩემი ძმა კახეთში ვისვენებდით, როდესაც დედა ჩამოვიდა და გვითხრა, რომ ორ დღეში თბილისში იქნებოდა შესარჩევი კონკურსი ბიჭუნათა გუნდისთვის. იმ დროს დაახლოებით 10-11 წლის ვიქნებოდი, წარმოდგენაც არ მქონდა, თუ რა დიდი ბედნიერება მელოდა წინ. ასე, კონკურსის სახით, 800 კონკურსანტიდან 70-მდე ვაჟი შეგვარჩია  მაესტრომ და ჩემთვის გადაიშალა სრულიად ახალი სამყარო – როგორც ჩემი უსაყვარლესი მაესტრო გელა ფარჩუკიძე იტყოდა – მისი აღმატებულება მუსიკა!
ჩვენმა მასწავლებლებმა და ქორმაისტერებმა უდიდესი ენერგია, დრო და სიყვარული ჩადეს ჩვენში და ეს ყველაფერი ხდებოდა უფასოდ, ჩაწყობების და შემწვარი გოჭების გარეშე  (რაც იმ პერიოდში გარდაუვალი იყო), „ფასი“ – ჩვენი ხმა და ნიჭიერება იყო. დიდი მადლობა იმ წლებისთვის ჩვენს დიდ მასწავლებელს – ჯანსუღ კახიძეს და ბატონ გელა ფარჩუკიძეს, რომლებმაც გაგვიფერადეს ნაცრისფერი ბავშვობა.
მუსიკალური სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა განვაგრძე I სამუსიკო კოლეჯში, საგუნდო-სადირიჟორო მიმართულებით. ეს ერთი შეხედვით უცნობი მიმართულება, ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი იყო და იმდენი მცირე დეტალი ვიცოდი ბატონი ჯანოსგან და ბატონი გელასგან, რომ საკმაოდ გამიადვილდა სწავლა და რომ არა 2006 წელს უნივერსიტეტში ჩაბარება, ალბათ დღეს მცირე წარმატებები მაინც მექნებოდა საგუნდო-სადირიჟორო მიმართულებით.
– მუსიკის სიყვარულის მიუხედავად, უმაღლესში სწავლა სხვა სპეციალობით განაგრძეთ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდით ეთნოგრაფიის მიმართულებაზე…რატომ ეთნოგრაფია?

ავტოპორტრეტი

– როგორც უკვე აღვნიშნე, 2006 წელს დავდექი დიდი დილემის წინაშე – კონსერვატორია თუ უნივერსიტეტი? რატომღაც გადავწყვიტე, არჩევანი უნივერსიტეტზე გამეკეთებინა, მომესინჯა ჩემი თავი სხვა სფეროში.
უნივერსიტეტში, როგორც სტუდენტმა, 2006 წლის 2 ოქტომბერს შევაბიჯე (თარიღი კარგად მახსოვს, რადგან 2 ოქტომბერს დედას დაბადების დღე იყო და ეს იყო ჩემი სიმბოლური საჩუქარი მისთვის).
ამხელა ისტორიის და ენერგეტიკის, თუნდაც მხოლოდ შენობამ, შეუძლებელია არ მონუსხოს სტუდენტი. თავდაპირველად სწორედ ეს დამემართა, ხოლო შემდგომ დაიწყო ექსპედიციები, ექსპედიციები და ექსპედიციები. შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტის კედლებში და ეთნოგრაფიის კათედრაზე აღმოვაჩინე ჩემი მეორე ოჯახი, თავისი ხელმძღვანელობით და ჩემი ჯგუფელებით.
პირველი საველე გასვლა ბატონ ვახტანგ ლიჩელის არქეოლოგიურ ექსპედიციაში მომიწია, რომელიც გამორჩეული იყო არქეოლოგიური სამუშაოების წარმოებით და მრავალფეროვნებით. შემდეგი ექსპედიცია 2007 წლის გაზაფხულზე გვქონდა მაღალმთიან აჭარაში, ეს იყო ჩემი პირველი ეთნოგრაფიული ველი, რომელმაც სრული რევოლუცია მოახდინა  ჩემში და საბოლოოდ გადავწყვიტე, ეთნოგრაფიის მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა. ზოგადად, მიყვარს ხალხი/ადამიანები, მოგზაურობა, ჩემთვის ახალი კულტურების აღმოჩენა და შესწავლა. სწორედ ამიტომ შევაჩერე ჩემი არჩევანი ეთნოგრაფიაზე.
– 2010 წლიდან ხართ საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი. ცხოვრობდით ჯავახეთში,  „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ – ამ პროექტით ასწავლიდით ეთნიკურ სომხებს ქართულ ენას…
– ბაკალავრიატის დასრულებამდე სტაჟირება გავიარე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ეთნოგრაფიისა და ახალი ისტორიის დეპარტამენტში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ელდარ ნადირაძე. მას მანამდე, მხოლოდ მისი წიგნებიდან ვიცნობდი. ყველაზე უმცროსი თანამშრომელი ვიყავი იმ პერიოდში, ეს ერთგვარი ფუფუნებაც იყო, რადგან საქართველოს საგანძურთან მიხდებოდა ყოველდღიური შეხება და, ამასთან, ყველა შვილივით/შვილიშვილივით მიყურებდა და მეორე მხრივ – საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს განვლილ გზაზე საუკეთესოთა შორის საუკეთესო მასწავლებლები მყავდა! მადლობა უფალს ამისთვის!
2011 წლის გაზაფხული ჩემთვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო, რადგან დედა შეუძლოდ გახდა და პირად ცხოვრებაშიც ამერია ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვაგრძელებდი სწავლას უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის მიმართულების მაგისტრატურის პირველ კურსზე,  გადავწყვიტე,  ჩემი მეგობრის, ენათმეცნიერ ლევან კოჭლამაზაშვილის რჩევით,  დამეტოვებინა ოჯახი, თბილისი, სამსახური, უნივერსიტეტი და ერთი წლის განმავლობაში წავსულიყავი ყველაზე რთულ, მიუვალ სოფელში, სადაც ჩემს წვლილს შევიტანდი ეთნიკური უმცირესობების განათლებაში. ასე მოვხვდი ულამაზეს და უმკაცრეს ჯავახეთის სოფელ პატარა გონდურაში, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 2200 მეტრზე მდებარეობს. საოცარი გარემო დამხვდა სოფელში, ძალიან თბილად მიმიღო ყველამ და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი დამეხმარა სირთულეების შედარებით მსუბუქად გადატანაში.
დღეს ამაყი ვარ, როცა ვხედავ ჩემი მოსწავლეების წარმატებებს, ბევრი მათგანი სამხედრო სამსახურშია და იცავს ჩვენს სამშობლოს, ნაწილი უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას.
– მაგისტრატურა ფილოსოფიური სოციალური ანთროპოლოგიის მიმართულებით გაიარეთ ბერგენის უნივერსიტეტში.  შემდეგ დაიცავით მეორე სამაგისტრო ნაშრომი თსუ-ში, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზე, კონკრეტულად კი ხუნძებზე – დაღესტნელებზე…

გიორგი მეურმიშვილის ფოტო

– ჯავახეთში ყოფნის დროს (2011-2012 წლები), ჩემმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ქეთევან ხუციშვილმა მამცნო, რომ ნორვეგიის სახელმწიფო აცხადებდა სოციალური ანთროპოლოგიის მიმართულებით სამაგისტრო პროგრამის კონკურსს და აუცილებლად უნდა მიმეღო მონაწილეობა. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მსურდა საზღვარგარეთ წასვლა, რადგან დედაჩემის მდგომარეობა დღითიდღე მეტად მძიმდებოდა, თუმცა ვიცოდი, რომ მას ოცნებად ჰქონდა,  მე და ჩემს ძმას ევროპაში მიგვეღო განათლება.
სწორედ დედაჩემის და ჩემი ხელმძღვანელის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, შემევსო განაცხადი, რის შედეგადაც მოვხვდი ბერგენის უნივერსიტეტის ფილოსოფიური სოციალური ანთროპოლოგიის მაგისტრატურის მიმართულებაზე. 2014 წელს დავბრუნდი საქართველოში მაგისტრის ხარისხით, თუმცა დაწყებული საქმის სანახევროდ გაჩერება არ მიყვარს და უნივერსიტეტში გავიაქტიურე მაგისტრის სტატუსი და დავიწყე თემაზე მუშაობა, რომელიც საქართველოში მცხოვრებ დაღესტნელებს ეხებოდა.
ბავშვობიდან მესმოდა ბაბოსგან სხვადასხვა გადმოცემა თუ ლეგენდა დაღესტნელების (ლეკების) შესაღებ, და რადგან კახეთში ვატარებდი ყოველ ზაფხულს, სულ მაინტერესებდა, ვინ იყვნენ კავკასიონის გადაღმა მცხოვრები ხალხი – დაღესტნელები. თუმცა ამ თემით საფუძვლიანად ჯერ კიდევ ბაკალავრიატში დავინტერესდი, როცა ბატონი რეზო აბაშია მასწავლიდა ხუნძურ ენას; სწორედ მაშინ გავიგე, რომ საქართველოში, ყვარლის რაიონში, სამ სოფელში ცხოვრობენ ხუნძები.
ერთ-ერთი პირველი კომპლექსური კვლევა საქართველოში მცხოვრებ ხუნძებზე ჯერ კიდევ ბაკალავრიატში ერთობლივად განვახორციელეთ  მე და ლევან კოჭლამაზაშვილმა. ეს ყველაფერი დიდი ენათმეცნიერის, ქალბატონი ნათელა ქუთელიას და ჩემი ხელმძღვანელის – ქეთევან ხუციშვილის დახმარებით შევძელით.
სამაგისტრო კვლევის დროს ექვსი თვის განმავლობაში ვცხოვრობდი მათთან და ისევე როგორც სოფლის მოსახლეობა, მეც ჩართული ვიყავი ყოველდღიურ საქმიანობაში. დღემდე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან, განსაკუთრებით კი იმ ოჯახთან, რომელიც ამ წლების განმავლობაში შვილივით მიღებდა. მადლობა მთელ თემს ამისთვის!
– 2014 წლიდან დღემდე თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ანთროპოლოგიის მიმართულების დოქტორანტი ხართ. რა თემაზე მუშაობთ და რით არის მასზე მუშაობა საინტერესო?
– ჩემი სადოქტორო თემა გაგრძელებაა იმ სამეცნიერო სამუშაოების, რაც სამაგისტრო ნაშრომის დროს ვაწარმოე. მოგეხსენებათ, ესა თუ ის კულტურა, სოციუმი, ხალხი, მათი მდგომარეობა თუ შეხედულებები ყოველდღიურად იცვლება… ამრიგად, ჩემთვის საინტერესოა პარალელების გავლება, როგორც სინქრონულ, ასევე დიაქრონულ ჭრილში და იმის კვლევა, თუ რა შეიცვალა/როგორ შეიცვალა 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე საქართველოში მცხოვრები დაღესტნელების ყოველდღიურ ყოფაში.
– თქვენი პროფესიის პარალელურად, ბოლო ერთი წელია, დაინტერესებული ხართ ფოტოგრაფიით. წარმატებებსაც მიაღწიეთ. როგორ დაიწყო ფოტოგრაფიით გატაცება?
– ფოტოგრაფიით დაინტერესება დედაჩემის დამსახურებაა. 11 წლის ვიყავი, როდესაც მაჩუქა „კოდაკის“ ფირის კამერა და მითხრა, კარგი იქნებოდა, თუ შევქმნიდი სერიას, მაგალითად, გადავიღებდი ტაძრებს და ფრესკებს. მას შემდეგ (ვიდრე დედა ცოცხალი იყო) სულ მჩუქნიდა ახალ-ახალ კამერებს და მეც ვიღებდი… ვიზუალური მასალა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ცალკე მიმართულებადაცაა ჩამოყალიბებული სოციალურ ანთროპოლოგიაში, რომელსაც ვიზუალური ანთროპოლოგია ჰქვია – ფოტოგრაფების ენაზე – დოკუმენტური ფოტოგრაფია.

გიორგი მეურმიშვილის ფოტო

ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბაკალავრიატში შევქმენი სერია და დავწერე საკონფერენციო თემა: „თბილისში არსებული უპოვარები (მთხოვნელები) და მათი ურბანული გადანაწილება“.
ამ თემის ირგვლივ თბილისში გავიცანი, გადავიღე და გამოვკითხე დაახლოებით 30-მდე უპოვარი, რომლებიც ყოველდღიურად ითხოვდნენ თანხას ხალხისგან. ძალიან რთული იყო მუშაობის პროცესი, რადგან უმძიმესი ამბების მოსმენა მიწევდა. მას შემდეგ იყო ასევე ვიზუალური ანთროპოლოგიის მიმართულებით თბილისობის კვლევა, რომელსაც ამერიკელი ანთროპოლოგი ჰულია ზაქარია და ქალბატონი ქეთევან ხუციშვილი ხელმძღვანელობდნენ. კვლევის შედეგად, ქარვასლაში მოვაწყეთ ფოტოინსტალაციები.
როგორც უკვე აღვნიშნე, ფოტოაპარატთან 21-წლიანი მეგობრობა მაკავშირებს, თუმცა პანდემიამ უფრო „დაგვაახლოვა“.  მეტი დრო დავუთმე კამერას, ძალიან ბევრი წავიკითხე, მოვისმინე, ვუყურე, დავაკვირდი და ვიკითხე. ეს პროცესი (სწავლის პროცესი) დღემდე გრძელდება.
ერთი წლის განმავლობაში გავიცანი უამრავი სანტერესო ადამიანი, ერთ-ერთი ფოტო გახდა აშშ-ში სტარტაპ აპლიკაციის სახე, ჰოლანდიის ერთ-ერთმა გალერეამ გამოფინა 6 ფოტო, რასაც საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა; ვითანამშრომლე ძალიან ნიჭიერ ქართველ დიზაინერებთან (ლაშა დევდარიანი და ზურა გოგორიკიძე) და უცხოურ ჟურნალებთან. თუმცა ვთვლი, რომ დიდ წარმატებამდე ბევრი შრომა და ექსპერიმენტია საჭირო.
– „ფერწერას ჰგავს“, „ფერწერული პორტრეტია“… ასეთი წარწერები არცთუ იშვიათად ვნახე თქვენს ალბომში. მართლაცდა, როგორ ახერხებთ დაუმუშავებლად მათ გადაღებას? როგორ იღებთ ფერწერულ პორტრეტებს?
– ფერწერული ნამუშევრები ბავშვობიდან შემაყვარა პაპამ, რადგან ყოველ ნიჭთან ერთად საოცრად კარგად ხატავდა. შემდეგ ეროვნულ მუზეუმში მერგო პატივი, ვყოფილიყავი ფონდის კურატორი, რომელშიც ცნობილი ქართველი და უცხოელი მხატვრების ფერწერულ ნამუშევრებს ვინახავთ და შევისწავლით. ზოგადად ვფიქრობ, რომ ფოტოგრაფია შეიძლება ისწავლო ტექნიკურად, ისევე როგორც ხატვა, თუმცა თუ არ მოგყვება ე.წ. Embodied Knowledge, თუ არაა  შენში სილამაზე გასისხლხორცებული – შეუძლებელია შექმნა ან შეასრულო მუსიკა, დახატო ან გადაიღო ფოტო. სილამაზესთან ერთად აუცილებელია გაწუხებდეს, გსიამოვნებდეს, გიყვარდეს ადამიანი, ბუნება და ყველაფერი ამ სამყაროში. ვთვლი, რომ ტექნიკურად არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ვიღებ… მთავარია შინაგანად, როგორ მოვიდა შემსრულებელი /ხელოვანი ბოლო აკორდამდე, იმ კადრამდე…
– „იზოლაციის დასასრულს“ – ეს ფოტოც ფერწერას ჰგავს. რისი თქმა გინდოდათ?
– დიდი მადლობა! აღნიშნული ფოტო ეძღვნება ყველა ქალბატონს, რომლებიც იზოლაციამდეც  (კოვიდს ვგულისხმობ) იმყოფებოდნენ „იზოლაციაში“.
ყველა ბოროტებას აქვს დასასრული… მათ შორის ვირუსსაც და იმ იზოლირებულ მდგომარეობასაც, როგორ ვითარებაშიც მრავალი ქალბატონი იმყოფებოდა და იმყოფება საქართველოში, და არა მხოლოდ საქართველოში; თუმცა მთავარი იზოლაცია ალბათ უფრო სილამაზის და სიკეთის იზოლირებაა, რასაც ყველაზე სამაგალითოდ ადამიანი უკეთებს საკუთარ შინაგან სამყაროს.
ეს ფოტო, ერთგვარად მეც მეხება, როგორც პიროვნებას, რომელმაც ჩემი შინაგანი სამყარო დიდი ხნის განმავლობაში იზოლაციაში მოვაქციე და რაღაც პერიოდით გავხდი მატერიალისტი. ეს ფოტო კი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, როდესაც მივხვდი, რომ შინაგანი ხმისთვის უნდა მომესმინა და ხელში ამეღო კამერა…

„იზოლაციის დასასრულს“, რომელიც რემბრანდტის „უძღები შვილის დაბრუნებას“ შეადარეს

– რა ზეგავლენა მოახდინა პანდემიამ, როგორც ხელოვანზე? გაგიმძაფრათ ფოტოების გადაღების სურვილი თუ პირიქით?
– პანდემიამ და არსებულმა ვითარებამ  დადებითი გავლენა მოახდინა, რადგან დაიხურა ჩემი დაარსებული კომპანია და უფრო მეტი დრო დამრჩა სულიერებისთვის, ვიდრე მატერიალურისთვის.
ფოტოების გადაღების სურვილი ყოველთვის მქონდა, თუმცა ამისთვის საკმარისი დრო და განწყობა არ იყო. თუ იყო განწყობა, არ იყო დრო და პირიქით. ზოგადად, ვფიქრობ ადამიანი ბოლომდე თუ არ დაეშვა „ფსკერამდე“, ვერასდროს „ამოყვინთავს“, მთავარია ბრძოლისუნარიანობა არ დაკარგოს. სწორედ ეს დამემართა მეც… ბოლომდე „ჩავიძირე“’… ახლა კი, სულ უფრო და უფრო ვუახლოვდები „სინათლეს“’.
– „დათოვლილი სიღნაღი“- ლამაზია და სხვა რაკურსითაა გადაღებული. ასევე ლამაზია „გერგეტის კედელი“ … როგორ გადაიღეთ ეს ფოტოები?

„დათოვლილი სიღნაღი“

– სიღნაღიც და გერგეტიც ძალიან მიყვარს და ბავშვობიდან საოცარ მიზიდულობას ვგრძობ ამ ადგილებისადმი. ფოტოების გადასაღებად განსაკუთრებული ტექნიკა არ გამომიყენებია, უბრალოდ დავინახე იმ რაკურსით, რომელიც შემდგომ ფოტოზე ავსახე. შემიძლია ვთქვა, რომ სიყვარულით გადავიღე.
–  „არსაიდან ხმა“, „რუსეთი ოკუპანტია“… ასეთი ფოტოებიც არის თქვენს ალბომში… ანუ პოლიტიკასაც ეხებით?
– პოლიტიკას არ ვეხები… ვეხები მხოლოდ იმ მანქანებს, ან რეჟიმებს, ვინც ხალხს, სილამაზეს და თავისუფლებას ეხება, ცდილობს, შეზღუდოს ან მოიპაროს ის. ზოგადად, საკმაოდ აპოლიტიკური ვარ, თუმცა ჯანსაღი კრიტიკა და სიმართლე მიყვარს, ვინ როგორ იგებს ამ ყველაფერს, ეს უკვე მათი საქმეა.
ზოგადად ბოლო დროს ქართველ ხელოვანთა შორის ტრენდული გახდა ნამუშევრით ე.წ. კითხვის დასმა, თითქოსდა ხელოვნების ნიმუშს სხვა ფუნქცია აღარ ეკისრება, გარდა იმისა, რომ ახალი კითხვები გააჩინოს!
პირადად მე ეს არ მიმაჩნია სწორ და ალალ მიდგომად. ისედაც საკმაოდ ბევრი კითხვა აქვს ადამიანს დაბადებიდან დღემდე, როგორც თავის თავში, ასევე გარემოს ირგვლივ, ამიტომ ხელოვანი არათუ უნდა აჩენდეს ახალ კითხვებს საკუთარი ნამუშევარით, არამედ მისი ქმნილება უნდა იყოს დამხმარე დიდ კითხვებზე პასუხების გაცემაში… პირველ რიგში, კი პასუხები ხელოვანმა თავად უნდა მიაგნოს საკუთარ თავში.
– თქვენი ფოტოები დაბეჭდილია სხვადასხვა უცხოურ ჟურნალში, ერთ-ერთი ფოტო კი ჟურნალ „ინდიგოს“ კონკურსის ფინალისტი გახდა…
სრულიად შემთხვევით ვნახე ჟურნალ „ინდიგოს“ კონკურსი, რომელიც პანდემიის თემას ეხებოდა და გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა. ჩემდა გასაკვირად, ჩემი ფოტო 460 ფოტოდან 18 რჩეულ ფოტოს შორის მოხვდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ჩემთვის ეს წარმატება ძალიან სასიხარულო და ენერგიის მომცემი იყო.
– ჰოლანდიაში ონლაინგალერეამ გამოფინა თქვენი 6 ნამუშევარი, ერთი ფოტო  კი გახდა ერთ-ერთი სტარტაპ აპლიკაციის (როგორც ფოტოშოპია) სახე. ასევე 2 ფოტო გამოიფინა მაიამის DAC გალერეის გამოფენაზე. სტატიაც დაიწერა თქვენს ნამუშევრებზე…
– ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითი იყო, როდესაც ჰოლანდიის ონლაინგალერეამ  ჩემი ფოტო მთავარ გვერდზე განათავსა და თან ამ ყველაფერს საოცარი სტატია დაურთო, სადაც ჩემი ფოტო რემბრანდტის „უძღები  შვილის დაბრუნებას“ შეადარა. ამ სიახლით ძალიან გახარებული ვიყავი.
დიახ, მაიამის DAC გალერეის გამოფენაზე გამოიფინა ჩემი ორი ფოტო.  მისი დირექტორი ძალიან კარგი ქალბატონია და სამომავლოდ საქართველოში ერთობლივ პროექტს ვგეგმავთ, რომელშიც  აუცილებლად იქნებიან ჩართულები სხვადასხვა სფეროს ქართველი ხელოვანები.
რაც შეეხება სტარტაპ აპლიკაციას, ეს არის სრულიად ახალი აპლიკაცია, რომელიც, ჩემი ვარაუდით, კონკურენციას გაუწევს Adobe Photoshop-ს. ჩემი ფოტოების გაგზავნის შედეგად, მათ გადაწყვიტეს, დავეშვი აპლიკაციის ბეტა ვერსიაზე, მემუშავა ჩემს 2-3 ფოტოზე და შემდეგ გამეზიარებინა როგორც დამუშავებული ფოტოები (რომლებიც ამ აპლიკაციის სახე გახდა), ასევე ჩემი აზრი აპლიკაციის შესახებ.
– ჰობი…
– ძალიან მიყვარს ლაშქრობა. ჩემი კარვით ვმოგზაურობ მთაში, ზოგჯერ მარტოც კი…ზოგადად, მიყვარს ბუნება და ექსტრემალურ სიტუაციებში საკუთარი თავის, ქცევის და ემოციების დაკვირვება. ორი წლის წინ ყაზბეგში მარტო წავედი  კარვით, გიორგობა დღე იყო, -17 გრადუსი… კარგი გამოცდა და გაკვეთილი იყო ჩემთვის.
–  გამოფენები… სამომავლო გეგმები…
– 2021 წელს დაგეგმილი მაქვს ორ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიღება, ასევე გაგზავნილი მაქვს ჩემი ფოტოები სხვადასხვა ფოტოკონკურსში და ველი პასუხებს.
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ერთი თვეა, რაც დავიწყე ჩემი ფოტოების „გაცოცხლება“. აქამდე, მხოლოდ ელექტრონული სახით არსებობდნენ  (თუ არ ჩავთვლით გამოფენებს) და გამიჩნდა სურვილი, ონლაინ სივრციდან რეალობაში გადმომეტანა ისინი. „გაცოცხლება“ კი გადავწყვიტე ხის ზედაპირზე გადატანით.
ამ მოკლე პერიოდში  ჩემი მიგნებული და შემუშავებული შერეული ტექნიკით ათამდე ნამუშევარი გადმოვიტანე ხეზე (ზოგიერთი მათგანი, კვლავ მზადების პროცესშია), რამაც ჩემი მეგობრების წრეში დიდი მოწონება დაიმსახურა. ერთ-ერთმა მეგობარმა კი მირჩია, დამედო ონლაინაუქციონზე და მეცადა ბედი…
შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა… საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა ნამუშევარმა და აუქციონზე დადებიდან 4-5 საათში გაიყიდა… მას მოჰყვა სხვა მოთხოვნებიც სხვადასხვა დამკვეთისგან და ამ ეტაპზე საკმაოდ დატვირთული ვარ იმ საქმის კეთებით, რაც ძალიან მიყვარს.
პარალელურად ვმუშაობ ჩემს ერთ-ერთ ფოტოსერიაზე, რომელიც მთლიანად მსურს გადავიტანო ხეზე და ვაჩვენო დამთვალიერებელს, თუნდაც ონლაინგამოფენის მეშვეობით.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები