კახა ბექაური: ჩვენ დავიცავთ მაყურებლის უფლებებს, რათა არ ხდებოდეს უხამსობით, შეურაცხყოფით, სიძულვილით განსხვავებული აზრის დევნა

„დღეს კომისიამ დაადგინა, რომ „მთავარმა არხმა” ეთერში უხამსობა განათავსა, ეს საკითხი რიგ მედია საშუალებებში ისე გაშუქდა, თითქოს კომუნიკაციების კომისია მედიის ცენზურას იწყებს, ვინც ამას აკეთებს და საუბრობს, ყველამ კარგად იცის, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არა მედიის ცენზურა”,- ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე გააკეთა, სადაც „მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტზე კომუნიკაციების კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო.

მისივე თქმით, მიზანია პირიქით, გამოხატვის თავისუფლების და მაყურებლის ინტერესების დაცვა.

“ყველამ იცის ისიც, რომ დღეს საქართველოში მედიის თავისუფლება ისეა დაცული, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა”,- აღნიშნა ბექაურმა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც მედია საშუალებებში უხამსობის ტირაჟირებას ახდენენ პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების მიმართ, ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, რადგან მათ თმენის მაღალი ვალდებულება აქვთ, თუმცა, ასეთ დროს მაუწყებელს არ უნდა დაავიწყდეს მაყურებელი. ხოლო თუ ტელევიზია მაყურებლის უფლებების იგნორირებას ახდენს, კომუნიკაციების კომისია ვალდებულია დაიცვას მაყურებლის კანონიერი უფლება და ინტერესები.

„გამოხატვის თავისუფლების ნაწილში საკითხის განხილვის დროსაც განვმარტეთ და კიდევ ერთხელ, მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების მიმართ გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი მოქმედებს, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ საჯარო მოხელეების მიმართ და ამ სიუჟეტში დარღვევას არ ჰქონია ადგილი და ეს გადაწყვეტილებაში დეტალურად წერია. ამასთან, ბოლო დროს ხშირად ისმის აპელირება გამოხატვის თავისუფლებაზე, ჩვენ, როდესაც ასეთ საკითხებს ვიხილავთ, კარგად გვესმის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა, მეტიც, დღეს ქვეყანაში მედიისა და გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მაღალი სტანდარტის და ამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, პირიქით”, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

კახა ბექაურის განცხადებით, კომუნიკაციების კომისიის მიზანი არა რომელიმე მედიის დაჯარიმება, არამედ მაყურებლის ინტერესების დაცვაა და ყველა განცხადება იმაზე, რომ დღევანდელი კომისია ცენზურას ამკვიდრებს, არის სიცრუე.

“ჩვენ დავიცავთ მაყურებლის უფლებებს, რათა არ ხდებოდეს მედიაში უხამსობით, შეურაცხყოფით, სიძულვილით განსხვავებული აზრის დევნა. დღევანდელი გადაწყვეტილებაც სწორედ ამას ემსახურება, ჩვენ დავადგინეთ დარღვევა, მაგრამ მაუწყებელი პასუხისმგებლობისგან გავათავისუფლეთ, რადგან ჩვენი მიზანი კონკრეტული მაუწყებლის დაჯარიმება არ არის, პირიქით ჩვენი ამოცანაა დავნერგოთ მაღალი სტანდარტი ერთობლივად, არა მხოლოდ კომისიამ, არამედ მედიამ, რესპონდენტებმა და საზოგადოებამ ერთად. გვსურს, რომ მედია დაიცალოს უხამსობისგან და სიძულვილის ენისგან იმისთვის, რომ დავიცვათ მაყურებელი, როგორც ამას დასავლურ ქვეყნები აკეთებენ”, – განაცხადა კახა ბექაურმა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე.

„საჭირო იქნება მომავალშიც მსჯელობა, აზრების გაცვლა და საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რომელიც პარლამენტშია და რომელიც ევრო დირექტივის შესაბამისადაა მომზადებული. იმედი მაქვს უახლეს მომავალში დაიწყება საკითხის განხილვა, რომელშიც საზოგადოების მაღალი ჩართულობა იქნება. დასავლურ მედიაში ამის კარგი პრაქტიკა არსებობს და სწორედ დასავლური სტანდარტის მიდგომას ნერგავს კომისია, ეს კარგად უნდა იყოს ყველასთვის ცნობილი და განსაკუთრებით მედიასაშუალებებმა უნდა გაითავისონ”, – განაცხადა კახა ბექაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები