ლიბანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა – ასობით დაშავებულია

ტრიპოლიში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად 226 ადამიანი დაშავდა, მათგან 35 პირი ჰოსპიტალიზებულია, 57-ს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია ლიბანის “წითელი ჯვრის” მონაცემზე დაყრდნობით იტყობინება.

 

თავის მხრივ, სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ საავადმყოფოებში 31 ადამიანია გადაყვანილი, ადგილზე დახმარება 93 პირს აღმოუჩინეს.

ტელეარხ Al-Mayadeen-ის ინფორმაციით, შეტაკების შედეგად 20 ძალოვანიც დაშავდა.

ტრიპოლიში ქუჩის აქციების უკვე მესამე დღეა, გრძელდება. ხალხი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ე.წ.კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა. ასევე, ქვეყნის მთავრობას უმოქმედობასა და მოწყვლადი ოჯახების შიმშილში ადანაშაულებენ.

როგორც ძალოვან უწყებაში განაცხადეს, აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით საბრძოლო ყუმბარებს ისროდნენ, მათ დასაშლელად კი სამხედრო ქვედანაყოფები და ჯავშანტექნიკა გამოიყენეს.

ლიბანი უკვე თითქმის ერთი წელია, ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება, სადაც პრაქტიკულად პარალიზებულია საბანკო სისტემა, ეროვნული ვალუტის ვარდნა შეინიშნება, ამ ფონზე მკვეთრად გაუარესდა კრიმინოგენური ვითარება. მოსახლეობის ნახევარზე მეტი შიმშილის ზღვარზეა, რადგან სამუშაო ადგილები დაკარგეს.

2020 წლის 14 დეკემბერს, გაუარესებული ეპიდვითარების გამო, მთავრობამ ყველა კერძო და სახელმწიფო უწყებები დახურა.

თავის მხრივ, ქვეყნის ხელისუფლებას არ შეუძლია ზომების მიღება, რადგან მას პოლიტიკური კრიზისის გამო მთავრობა არ გააჩნია. ვითარებას ისიც ამწვავებს, რომ ლიბანში, სადაც მოსახლეობა 4,5 მილიონს შეადგენს, ორი მილიონამდე სირიელი და პალესტინელი ლტოლვილიც იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები