გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ სტიუარტ პიჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ სტიუარტ პიჩს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა, სადაც ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე შეხვედრები მიმდინარეობს.

“გენერალმა მათიაშვილმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს თავმჯდომარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ახალ გამოწვევებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და ნატო-ს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს კონტრიბუციაზე. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს კრიტიკული პარტნიორი და ალიანსის მომავალი წევრი, რჩება საერთო უსაფრთხოების პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს კონტრიბუცია ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“. გენერლებმა ერთობლივი სამხედრო სწავლებების მნიშვნელობასა და მომავალ წელს დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებაზე გაამახვილეს ყურადღება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები