ხათუნა თოთლაძე: ანგარიშში განსაკუთრებული თავი აქვს დათმობილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას

“ანგარიშში განსაკუთრებული თავი აქვს დათმობილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ხათუნა თოთლაძემ გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვაზე განაცხადა.

ხათუნა თოთლაძემ განხილვისას წარადგინა ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით განხორციელებული რეფორმების შესახებ. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობისა და რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხებს.

„ანგარიშში განსაკუთრებული თავი აქვს დათმობილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, რაც მეტად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მორიგ ჯერზე, კიდევ ერთხელ იყოს აღნიშნული ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ის პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას – რუსეთის ფედერაციას და, ცხადია, რომ ამ მიმართულებითაც დღეს გაიმართა დისკუსია და საქართველომ დააფიქსირა თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ, რომელიც უკვე გამყარებულია საერთაშორისო სასამრთლოს მიერ გადაწყვეტილებით, რომელიც სული რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული,” – აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.

ანგარიშის წარდგენისას საქართველოს პარტნიორების მიერ პოზიტიურად შეფასდა ისეთი საკითხები, როგორიცაა ადამიანის უფლებების საბჭოს ფუნქციური გაძლიერება, ადამიანის უფლებათა სტრატეგიის შემუშავება, სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ მექანიზმების დანერგვა და ქალთა უფლებების მიმართულებით გატარებული ღონისძიებები, შშმ უფლებების კანონის მიღება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერება და ა.შ.

„ამ ეტაპზე ადამიანის უფლებების მიმართულებით მთავარ გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა, ხოლო რაც შეეხება პრიორიტეტებს, პრიორიტეტთა შორის უმთავრესია კოვიდ რეალობაში ადამიანის სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი და უნიკალური მექანიზმი, რომელიც ფარგლებში, გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილება ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები