“მხოლოდ საქართველო, მხოლოდ ქართველების პოზიცია!” – ბიბილოვი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა
ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” დაახასიათა როგორც ცალმხრივი და პოლიტიზირებული.
“ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, როგორც ჩანს, დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ეღიარებინა რეალობა: რომ 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედება სწორედ ქართულმა მხარემ დაიწყო, რუსეთმა კი მხოლოდ რამდენიმე დღეში გადმოისროლა ძალები და საშუალებები იმისთვის, რომ აეძულებინა აგრესორი მშვიდობიანი ნაბიჯების გადადმისკენ”, – ნათქვამია ბიბილოვის განცხადებაში.
როგორც ბიბილოვმა აღნიშნა, “თუმცა, როგორც ჩანს, ეს გარემოებაც რომელიც მიუთითებს საქართველოზე, როგორც აგრესორ-ქვეყანაზე არ იწვევს უხერხულობას ევროპელ მოსამართლეებში”.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ცალმხრივი და პოლიტიზირებული, “რომელსაც არაფერი აქვს საერთო ნამდვილ მოვლენებთან და ფაქტებთან, რადგან ის არის ნაკარნახევი დასავლეთის ანტირუსული პოლიტიკური კოლექტიური კურსით, რომელმაც არც ერთი წუთითაც არ დაგმო სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია და ქართველი სამხედროების დანაშაულებები”.
“სტრასბურგის სასამართლოს ფაქტობრივად არ გაუთვალისწინებია ტალიავინის კომისიის მოხსენება და დასკვნაში ჩაწერა მხოლოდ ის, რაც მას ქართულმა მხარემ მიაწოდა….არც თითქმის ნახევრად დანგრეული ცხინვალი უხსენებიათ, არც ოსი ლტოლვილების უბედურება, არც ქართველების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები. მხოლოდ საქართველო, მხოლოდ ქართველების პოზიცია!”, – თქვა ბიბილოვმა.