მაია ცქიტიშვილი: თითოეული დარგისთვის დადგინდა ტესტირების პროტოკოლები

“შემსუბუქების პარალელურად, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ გამოვიწვიოთ შეზღუდვების შემსუბუქებით ვირუსის ინტენსიური გავრცელება”, – ამის შესახებ პირველმა ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მაია ცქიტიშვილის თქმით, შრომის ინსპექციის, ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგებისა და ბიზნესსექტორის აქტიური მუშაობის შედეგად, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, თითოეული დარგისთვის ტესტირების პროტოკოლები დადგინდა.

„შრომის ინსპექციის, ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგებისა და ბიზნესსექტორის აქტიური მუშაობის შედეგად დადგინდა ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით თითოეული დარგისთვის ტესტირების პროტოკოლები. კერძოდ, დადგინდა მოთხოვნები თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობებისა და პერიოდულ ტესტირებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის, ბაზრობები ვალდებულები იქნებიან 2 კვირაში ერთხელ უზრუნველყონ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. კვების ობიექტებთან ეს მოთხოვნა არის 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 50 %-ის ტესტირება. ბუნებრივია, სკოლების გახსნასთან ერთად, პარალელურად, სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებელთა სისტემურ ტესტირებას 2 კვირაში ერთხელ. უკვე დღეიდან ბიზნესს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს მისი თანამშრომლები. ეს მიდგომა ჩვენ საშუალებას მოგვცემს, ბიზნესმა დაიცვას მისი თანამშრომელი და მომხმარებელი და, ზოგადად, ქვეყანას აგვაცილოს ვირუსის უკონტროლო გავრცელება”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო გააგრძელებს სიმპტომიანი პაციენტების და სისტემური ჯგუფების მუდმივ ტესტირებას. დაახლოებით, 15 თებერვლისთვის კი კვლავ შეფასდება არსებული შეზღუდვების შემსუბუქებიდან გამომდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარება.

„ბუნებრივია, სახელმწიფო დაფინანსებით ჩვენ გავაგრძელებთ სიმპტომიანი პაციენტებისა და სისტემური ჯგუფების მუდმივ ტესტირებას. მოგეხსენებათ, ტესტირების ინტენსივობა საკმაოდ მაღალია და ამ მიდგომას გავაგრძელებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიცვათ ბალანსი მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და ეკონომიკის ინტერესებს შორის. ამრიგად, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. დაახლოებით, 15 თებერვლისთვის ჩვენ კვლავ შევაფასებთ არსებული შეზღუდვების შემსუბუქებიდან გამომდინარე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და თუ გვექნება სახეზე გაუმჯობესება, კერძოდ, როგორც აჭარაში თუ 7 დღის ვირუსის მაჩვენებელი აღარ იქნება 4 %-ზე მეტი გვექნება საშუალება გავაგრძელოთ შემსუბუქების წერტილოვანი სტრატეგია”, – განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები