გივი მიქანაძე: სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთის მხრიდან ქართველების ეთნიკური წმენდა განხორციელდა

“2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთის მხრიდან ქართველების ეთნიკური წმენდა განხორციელდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო დონეზე ის სამართლიანობა აღდგა, რომელიც რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიასთან არის დაკავშირებული 2008 წლის საომარ მოქმედებებთან მიმართებაში.

„ის მრავალწლიანი საქმიანობა, რომელიც ძალიან დიდი შრომისა და ძალიან დიდი თავდადების ფასად განხორციელდა, თავის ლოგიკურ შედეგამდე მივიდა. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო, უმაღლესი ავტორიტეტის მქონე ორგანოს მიერ მიღებული უპრეცენდენტოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესისთვის ფუნდამენტური საფუძველია იურიდიული საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაში, როდესაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთის ფედერაცია ოკუპანტ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით პირდაპირ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთის მხრიდან ქართველების ეთნიკური წმენდა განხორციელდა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რაზეც წლების განმავლობაში დიპლომატიური კორპუსი, ჩვენი ხელისუფლება, ვამტკიცებთ, ვამტკიცებდით და კვლავაც გავაგრძელებთ ამის მტკიცებას, თუმცა, ახლა ეს უკვე საერთაშორისოდ აღიარებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ჩვენს არგუმენტებსა და პოზიციას ამყარებს. საერთაშორისო დონეზე ის სამართლიანობა აღდგა, რომელიც რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიასთან არის დაკავშირებული 2008 წლის საომარ მოქმედებებთან მიმართებაში“, – განაცხადა მიქანაძემ.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები