აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და მისი პირველი განკარგულებები

ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველივე დღიდან რეფორმების განხორციელება დაიწყო.

მან ინაუგურაციის მერე, პირველივე დღეს:

1. დააბრუნა ამერიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში;

2. კვლავ შეუერთა ამერიკა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში პარიზის შეთანხმებას;

3. გააუქმა ტრამპის განკარგულება ზოგიერთი მუსულმანური ქვეყნიდან მოქალაქეების აშშ-ში შესვლის აკრძალვის შესახებ;

4. შეაჩერა კედლის მშენებლობა მექსიკასთან საზღვარზე;

5. გაამკაცრა სისტემური რასიზმისა და სექსუალური ორენტაციის გამო დისკრიმინაციის გამოვლილებებთან ბრძოლა;

6. გააუქმა ტრამპის განკარგულება მოსახლეობის აღწერიდან არამოქალაქეების ამორიცხვის შესახებ;

7. გაახანგრძლივა ბინებიდან გამოსახლებაზე ფედერალური აკრძალვა და შესთავაზა ფედერალურ სააგენტოებს იპოთეკური სესხის ფარგლებში ვალების გამოსყიდვის დროის გახანგრძლივება;

8. შეუწყვიტა სტუდენტებს სწავლის სესხთან დაკავშირებით პროცენტების გადახდა მომდევნო რვა თვის განმავლობაში.

ბაიდენის ამ გადაწყვეტილებებს უკვე მოჰყვა რეაქცია მედიაში, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ წრეებში.

დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაცია – Human Rights First-ი უკვე მიესალმა ახალი პრეზიდენტის, ბაიდენის გადაწყვეტილებას, მოხსნას შეზღუდვები ზოგიერთი მუსლიმური ქვეყნიდან შეერთებულ შტატებში შესვლაზე. კალიფორნიიდან დემოკრატმა სენატორმა, დაიან ფეინშტაინმა მხარი დაუჭირა ბაიდენის სურვილს, შეცვალოს არსებული საემიგრაციო სისტემა, გახადოს იგი “ღია და პატიოსანი”. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა ლიდერი, კევინ მაკარტი მიიჩნევს, რომ ბაიდენის საიმიგრაციო გეგმა არ ითვალისწინებს პანდემიის დროს გამწვავებულ, ამერიკელთა პრობლემებს და უფრო მეტ ყურადღებას უთმობს არალეგალური ემიგრანტების პრობლემებს, რომლებიც წლების განმავლობაში არღვევენ აშშ-ის კანონს.

რესპუბლიკელმა სენატორმა, ტედ კრუზმა გააკრიტიკა ბაიდენის გადაწყვეტილება პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დაბრუნების შესახებ. დეპუტატი ამტკიცებს, რომ დემოკრატი პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ვერ აღადგენს ამერიკის გლობალურ დომინაციას და არ წყვეტს კლიმატის პრობლემებს, მაგრამ ათასობით ამერიკელს ართმევს სამუშაო ადგილებს. თავის მხრივ, რესპუბლიკელი სენატორი, კევინ კრამერი მიიჩნევს ბაიდენის ამ გადაწყვეტილებას კლიმატის შესახებ “გონივრულ ნაბიჯად” იმ პირობით, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული მიზნობრივად დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები