სოზარ სუბარი – სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: მთავარი გამარჯვება აქ ისაა, რომ ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დეოკუპაციას აახლოებს

“მთავარი გამარჯვება აქ ისაა, რომ ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დეოკუპაციას აახლოებს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, საქართველომ ყველა პუნქტში მოიგო.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება მართლა ისტორიული გადაწყვეტილებაა. საქართველომ ყველა პუნქტში მოიგო – ყველა პუნქტში, რომელიც იქ წარდგენილი იყო. უზარმაზარი შრომა გაწია იუსტიციის სამინისტრომ, უზარმაზარი შრომა გაწია პირადად თეა წულუკიანმა და მას ძალიან დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა. ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოს დეოკუპაციის გზაზე. ამაზე დიდი ნაბიჯი ამ წლების განმავლობაში არ გადადგმულა და ეს აუცილებლად აახლოებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანიბის აღდგენას.

მთელი რიგი მტკიცებულებები იყო დაკარგული და გამქრალი. გამქრალი სწორედ წინა ხელისუფლების ძალისხმევით და თეა წულუკიანმა და მისმა გუნდმა უზარმაზარი შრომა გაწიეს იმისთვის, რომ ეს მტკიცებულებები საქართველოში დაბრუნებულიყო. ყველა ადამიანი, ვინც გარკვეული ინფორმაციის მომცემი იყო, მათი დაკითხვა და მათგან ინფორმაციის შეგროვება მომხდარიყო. ყველა შეგროვებული მტკიცებულება წასულიყო სტრასბურგში და იქაც მაღალ იურიდიულ დონეზე მომხდარიყო საქართველოს ინტერესების დაცვა. ამის შედეგი იყო ის, რომ მოხდა საქართველოს სრული გამარჯვება. ყველა პუნქტში, არა მხოლოდ ცხინვალის მიმართულებით, არამედ იგივე მოხდა აფხაზეთთან დაკავშირებითაც. მთავარი გამარჯვება აქ ისაა, რომ ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დეოკუპაციას აახლოებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები