სალომე ზურაბიშვილმა ჟოზეპ ბორელთან კონფლიქტების გადაწყვეტაში ევროკავშირის მეტი ჩართულობის საკითხი დააყენა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ვიცეპრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან შეხვედრისას კონფლიქტების გადაწყვეტაში ევროკავშირის მეტი ჩართულობის საკითხი დააყენა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილმა უმაღლეს წარმომადგენელთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის საკითხები განიხილა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა.
“შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობას საქართველოში და ჟენევის მოლაპარაკებებს, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირს არა მხოლოდ მედიატორის, არამედ გარკვეულწილად გარანტორის როლიც აქვს.
უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც საქართველომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებების შესრულებისას მიაღწია, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობაში მიღწეული წინსვლისათვის.
პრეზიდენტმა ჟოზეპ ბორელი საქართველოში მოიწვია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.