როგორ ეხმაურება უცხოური მედია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევაში დამნაშავეა, თუმცა, მას რუსეთ-საქართველოს ომის დროს პასუხისმგებლობა არ ეკისრება”, – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა, Eurointegration-ი წერს და აღნიშნავს, რომ ორივე მხარე თავს გამარჯვებულად მიიჩნევს.

Eurointegration-ი წერს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დაწერა – “დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. რუსეთთან 12-წლიანი დავა 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს გამარჯვებით დასრულდა”.

ასევე, გამოცემას რუსეთის იუსტიციის განცხადება მოჰყავს, სადაც ნათქვამია, რომ “ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ სამხრეთ ოსეთში 2008 წელს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის მიმართ საქართველოს ბრალდება დაუსაბუთებლად ცნო“.

Eurointegration წერს, რომ სტრასბურგის სასამართლომ “ნამდვილად არ მიიღო საქართველოს სარჩელის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი, რომელიც 8-12 აგვისტოს მოვლენებს შეეხება. 11-მა მოსამართლემ 6-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია არ იძლევა შესაძლებლობას, მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისროს. თუმცა, ეს ერთდერთი პუნქტი იყო, რაზეც თბილისმა უარი მიიღო, დანარჩენ 15 პუნქტთან დაკავშირებით მოსამართლეებმა ხმათა უმრავლესობით რუსეთი დამნაშავედ ცნეს და პასუხისმგებლობა დააკისრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მის მიერ ადამიანი უფლებების დარღვევისთვის”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები