„სხვადასხვა სოფელში 7-მდე სახლი საერთოდ გადამწვარია, ასევე, დაიწვა თხილის პლანტაციები“ – ხანძრების მძიმე შედეგები ოკუპირებულ აფხაზეთში
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში გაჩენილი ხანძრების მძიმე შედეგებზე საუბრობს.
როგორც გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი ინფორმაციით, სხვადასხვა სოფელში 7-მდე სახლია გადამწვარი. მისივე თქმით, ასევე, დამწვარია თხილის პლანტაციები.
„ახლახან მთელი აფხაზეთი იწვოდა, დაწყებული გალიდან – გაგრის ჩათვლით. მეტ-ნაკლები ინტენსივობით ხანძარი ოჩამჩირეში, გულრიფშში, სოხუმის რაიონში, გუდაუთის რაიონში, ახალ ათონში, გაგრაში იყო. რა არის ამის მიზეზი? ეს სერიოზულ ეჭვებს ბადებს. მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ერთდროულად ხანძრების გაჩენა რით იყო გამოწვეული? ეს მართლა სტიქიური უბედურება იყო თუ ვიღაცის გამიზნული ქმედება? რომ არა წვიმა, რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, არავინ იცის.
არის პრობლემები, რომლებიც იმ ადამიანების ბედს უკავშირდება, ვინც ამ ხანძრების შედეგად დაზარალდა. აფხაზეთის დევნილი ხელისუფლება სერიოზულად მუშაობს ამ საკითხზე. ჩვენი მთავრობა იხილავს იმ ღონისძიებებს, რაც გვინდა, განვახორციელოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც ამ ხანძრების შედეგად დაზარალდნენ. ჩვენი მონაცემებით, სხვადასხვა სოფელში 7-მდე სახლი საერთოდ გადამწვარია. დაიწვა თხილის პლანტაციები. ადამიანები ერთადერთი საარსებო წყაროს გარეშე არიან დარჩენილები. ჩვენ ვცდილობთ, როგორმე ჩვენი ბიუჯეტიდან გამოვათავისუფლოთ თანხები და დავეხმაროთ ამ ადამიანებს.
ამასთან, ჩვენ გავნაცხადეთ, რომ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ გაგრაში ტყის საფარის აღდგენაშიც, თუ ამის საშუალება მოგვეცემა“, – განაცხადა გამახარიამ.
თამუნა შეყილაძე