„რუსეთმა აფხაზეთი დაამშია და გააკოტრა“ – ჯემალ გამახარია ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს

“რუსეთმა აფხაზეთი ისე დაამშია, ეკონომიკურად ისე გააკოტრა, რომ მთლიანად მასზე დამოკიდებული გახადა”, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია აცხადებს.

მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გამახარიამ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისია.

„აფხაზეთში ნომერ პირველი პრობლემა 12 ნოემბერს რუსეთთან ხელმოწერილი პროგრამა გახლავთ, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნას ითვალისწინებს. ესაა ანექსიის ღიად დაწყება, ანექსიისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა. იქ არსებულ ვითარებას, იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა, განსაზღვრავს ეს ე.წ. პროგრამა, რომლის შესახებაც ღიად ბევრს არ ლაპარაკობენ. ეს პირველი პრობლემაა ჩვენთვისაც, რადგანაც თუ ეს პროგრამა განხორციელდა, არის უდიდესი საფრთხე, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერ ანექსირებული იქნება.
იქ ეკონომიკა არ არსებობს. ამ ყველაფერს დაემატა ენერგეტიკული კრიზისი, რაც ენგურჰესის გაჩერებითაა გამოწვეული. ენგურჰესი გუშინ გაჩერდა და აპრილის ბოლოდე იქ სარემონტო სამუშაოები ჩატარდება. ის მთელი სიმძლავრით, ალბათ, მაისის ბოლოს ამოქმედდება. მანამდე აფხაზეთს ელექტროენერგიას რუსეთი მიაწვდის. მაგრამ რუსეთიდან მიწოდებული ელექტროენერგიის ფასი შეუდარებლად უფრო მაღალია, ვიდრე – ენგურჰესიდან მიწოდებული ელექტროენერგიისა. აფხაზური საზოგადოება ამის გადამხდელი არ არის. დანახარჯები რუსეთმა იმ დაფინანსების ხარჯზე უნდა აინაზღაუროს, რასაც ის აფხაზეთში ეწევა. ანუ ბიუჯეტს მეტწილად ავსებს რუსეთი და იქედან მარტივად აინაზღაურებს ამ თანხას. უკვე ერთ კვირაზე მეტია, აფხაზეთში ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებათ. თოვლია, ყინვებია. შეიქმნა უმძიმესი სიტუაცია. სოციალურ ქსელებში რომ შეხვიდეთ, დღეს განსახილველი თემა ელექტროენერგიის პრობლემაა. ეს იმის გამო ხდება, რომ მათ საკმარისი ოდენობით ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.

რუსეთი აფხაზეთს ელექტროენერგიას რომ აწვდის, აფხაზები ამის საფასურად მარტო ფულს კი არ გადაიხდიან, არამედ ელექტროქსელები და მცირე სიმძლავრეები ამა წლის ივნისამდე რუსეთის ხელში უნდა გადავიდეს. ეს 12 ნოემბრის შეთანხმებითაც არის გათვალისწინებული. წარმოგიდგენიათ, რას უშვრება რუსეთი აფხაზეთს ვითომ დახმარების ფასად? მთელი ელექტროქსელები რუსეთის საკუთრებაში გადავა. ახალი თუ რამე აშენდა, ესეც მხოლოდ რუსეთის საკუთრებაში უნდა იყოს. ეს რომ გადაიფაროს და კარგად შეინიღბოს, აფხაზებს ეუბნებიან, რა ანექსია, მეგობრები ვართ და გაღიარებთო. ამ კუთხით განვიხილავ იმ განცხადებასაც, რომელიც ე.წ საგარეო უწყებამ სტოლტენბერგის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
რუსეთს აფხაზეთი ხელში უჭირავს, აფხაზეთი ისე დაამშია, ისე გააკოტრა ეკონომიკურად, რომ მთლიანად მასზე დამოკიდებული გახადა. რუსეთის გარეშე ხელფასებს, პენსიებს ვერ გასცემენ. ვერაფერს აკეთებენ“, – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, ამასთან, ოკუპირებულ აფხაზეთში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

„ახალ წლამდე იქ სტაბილურად მძიმე ვითარება იყო. ახალი წლის შემდეგ კორონავირუსის აფეთქება მოხდა. მკვეთრად გაიზარდა დაინფიცირებულთა რაოდენობა. სიკვდილიანობა მატულობს. აფხაზები ამ ვითარებას ვერ უმკლავდებიან“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები