გიორგი საბედაშვილი: დათა ვანიშვილის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის ინსტრუმენტი “წითელი ჯვარია”, რომელსაც ოჯახმა უნდა მიმართოს

“ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დათა ვანიშვილის გადმოყვანა, თუმცა, ეს არის კომპლექსური პროცესი, არ არის მხოლოდ ჩვენს სურვილზე დამოკიდებული”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

“დათა ვანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესახებ, რა წამსაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს კომუნიკაცია როგორც საოკუპაციო რეჟიმთან, ისე  – საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენი პირველი რიგის ამოცანა იყო, დათა ვანიშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა, თუმცა ეს არის კომპლექსური პროცესი, არ არის მხოლოდ ჩვენ სურვილზე დამოკიდებული და პროცესში აქტიურად ერთვება “წითელი ჯვარი” და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ერთადერთი ინსტრუმენტი არის “წითელი ჯვრის” საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც, თავის მხრივ, უნდა მიმართოს დათა ვანიშვილის ოჯახმა.

დათა ვანიშვილის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად გადმოყვანის პროცესში ვითვალისწინებთ ორ მოცემულობას, ერთი – რომ მხოლოდ ჩვენ სურვილზე არ არის ოკუპირებული ტერიტორიიდან ადამიანის გადმოყვანა და მეორე, ეს არის ოჯახის დამოკიდებულება, ხედვა, საკითხის მიმართ. ეს არ ნიშნავს, რომ ოჯახს არ აწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უბრალოდ, ყველა ოჯახი საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ მათთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს და, შესაძლებლობის შემთხვევაში, მოხდება დათა ვანიშვილის ცენტრალურ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა. ამავდროულად, ბოლო ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გვაქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია. ჩვენ მზად ვართ, შესაძლებლობის შემთხვევაში, როგორც კი მკაფიოდ გამოიკვეთება ოჯახის მიდგომა საკითხის მიმართ, ჩავერთოთ საკითხში”, – აცხადებს გიორგი საბედაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები