გიორგი საბედაშვილი: მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველასთან, რომ ირაკლი ბებუა უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდეს
“ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები, სამწუხაროდ, პანდემიის გამო ამ ეტაპისთვის შეჩერებულია”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულის გამო, ამ ეტაპზე ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას საკითხის განხილვა IPRM-ის შეხვედრის ფარგლებში ვერ ხერხდება.
“ცხელი ხაზი ირაკლი ბებუას საკითხთან დაკავშირებით ზუსტად ისე, როგორც ბატონ ზაზა გახელაძის საკითხზე, ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურდება. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები, სამწუხაროდ, პანდემიის გამო ამ ეტაპისთვის შეჩერებულია. იქაც კი სადაც ერგნეთში, ცხინვალის მიმართულებით IPRM ფუნქციონირებს, იქაც კი ვერ შევძელით შეხვედრის ჩატარება პანდემიის გამო. სწორედ ამიტომ, პანდემია ობიექტური მიზეზია რის გამოც ახლა ეს შეხვედრები, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.
ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უცვლელად არის ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში. მნიშვნელოვანი რაც არის, ირაკლი ბებუასთან დაკავშირებით, ის, რაც ბატონ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით მომავალშიც გველოდება. გამოკვეთილია შექმნილი ვითარება, ვიცით რასთან გვაქვს საქმე. რამდენადაც რთულია ეს ოჯახისთვის რომ ვიცით ე.წ. სასჯელი რამხელაა, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მძიმეა ცენტრალური ხელისუფლებისთვის, თუმცა, ამას აქვს მეორე მხარე. მეორე მხარე არის ის, რომ ვიცით, სად ვდგავართ ამ წუთას. დამერწმუნეთ, აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველასთან, ვისაც გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმისთვის, რომ მოხდეს ირაკლი ბებუას გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან. ვერ გეტყვით ზუსტ თარიღებს იმიტომ, რომ იქნება ძალიან არაპროფესიონალური ჩემი მხრიდან ამის გაჟღერება,“ – ამბობს გიორგი საბედაშვილი.