Covid-19 მსოფლიოში – ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება – ქვეყნები პანდემიით გამოწვეულ კრიზისს ებრძვიან

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს. შემთხვევების რიცხვმა კი 94.4 მილიონს გადააჭარბა.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 23 747 781 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 395 691 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ანგელა მერკელის განცხადებით მსგავსი მოვლენა საუკუნეში ერთხელ ხდება.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია არ დამდგარა მსგავსი გამოწვევის წინაშე, რაც ის გერმანიის კანცლერია. მერკელმა გაიხსენა გლობალური რეცესია, ევროკავშირის ვალის კრიზისი და 2015 წლის ლტოლვილთა კრიზისი და აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის ირგვლივ განვითარებული პროცესები არის მოვლენა, რომელიც ხდება „საუკუნეში მხოლოდ ერთხელ“.

„გერმანელი ხალხი იყო ძლიერი და მედეგი სხვა გამოწვევების წინაშე და მე ვარ დარწმუნებული, რომ ასევე იქნება პანდემიის შემდეგაც“, – დასძინა მან.

მისივე თქმით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში კლიმატური ცვლილებების, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისა და დემოგრაფიული ტრანსფორმაციების გამო მსოფლიო კიდევ უფრო მეტად შეიცვლება. “Robert Koch”-ის კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში იზრდება კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი და ამჟამინდელი ლოქდაუნი საკმარისი არ არის.

მისივე განცხადებით, მოქმედი ლოქდაუნის დროს, გაზაფხულის ლოქდაუნთან შედარებით, უფრო მეტი ადამიანია გარეთ, თავს არ არიდებენ შეკრებებს და შედეგად ქვეყანამ კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 2 მილიონამდე შემთხვევა მიიღო.

მისივე თქმით, სრულიად შესაძლებელია, რომ ეტაპობრივად შემცირდეს ინფიცირების მაჩვენებელი, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემცირდება კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები.

დიდმა ბრიტანეთმა კოვიდის ტესტირების რაოდენობის სათანადოდ გაზრდა ვერ შეძლო/ ტურიზმის სექტორი მთავრობისგან მეტ დახმარებას ითხოვს. 2020 წლის მარტში, WHO-ს ჰქონდა ძალიან მოკლე და კონკრეტული გზავნილი ყველა ქვეყნისთვის – კოვიდტესტების რაოდენობის გაზრდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მოსახლეობას მუდმივად ჰპირდებოდა ტესტების რაოდენობის გაზრდას, ეს სათანადო დონეზე ვერ მოხერხდა.

მაგალითად, მარტში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ სწრაფი ტემპებით გაიზრდებოდა კოვიდტესტების რაოდენობა და დღეში 25 ათასი ტესტის ჩატარებას შეძლებდნენ. თუმცა, მარტის ბოლოს, დღის განმავლობაში, მაქსიმუმ 8 240 ტესტი კეთდებოდა. მოგვიანებით, ივნისში, როგორც აღმოჩნდა, კოვიდინფიცირებულების კონტაქტების მოძიებისა და გატესტვის 10 მილიარდიანმა პროგრამამაც ვერ იმუშავა ინფიცირებულების საერთო რაოდენობის მესამედის შემთხვევაში.

მოგვიანებით, მთავრობამ, რომელმაც პროგრამის შემუშავებაზე სამი თვე იმუშავა, იძულებული იყო დაეხურა პროგრამა. 2020 წლის განმავლობაში, კრიტიკის სამიზნე იყო დიდ ბრიტანეთში მოგზაურთა ჯანმრთელობის შემოწმების პოლიტიკაც და ბევრი სვამდა შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ ითხოვდა ქვეყანა მოგზაურთათვის უარყოფით კოვიდტესტს ან სავალდებულო კარანტინს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ მიმდინარე კვირას მიიღო ქვეყნის პრემიერმა გადაწყვეტილება და მომდევნო კვირიდან ყველა პირს, ვინც გადაკვეთს დიდი ბრიტანეთის საზღვარს, მოეთხოვება უარყოფითი ტესტის შედეგი ან გაივლის 10 დღიან სავალდებულო კარანტინს. ტურისტული ინდუსტრია ელოდება მთავრობისგან მხარდაჭერის გაძლიერებას, რადგან ბოლო დროინდელი შეზღუდვებით თითქმის აკრძალულია საერთაშორისო მოგზაურობა. დღესდღეობით, აეროპორტების ინფრასტრუქტურა მუშაობს სიცოცხლისთვის აუცილებელი კრიტიკული სერვისების მხარდასაჭერად, როგორებიცაა საფოსტო გზავნილები, სამხედრო და სატვირთო ფრენები, გადაუდებელი დახმარების სამსახურები და ასევე, ინარჩუნებს ე.წ. „შუქებს“ საერთაშორისო ფრენების მხარდასაჭერად“, – წერია აეროპორტების ოპერაციების ასოციაციის განცხადებაში.

სამგზავრო დერეფნების დაკეტვის გადაწყვეტილების მიღებით, პრემიერმა მათ მისცა ქვეყანაში შემოსვლის უფლება, ვინც წარადგენს უარყოფით კოვიდტესტს ან გაივლის 10 დღიან სავალდებულო კარანტინს.

CDC-მ მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ გააძლიერონ კორონავირუსის შეკავების მექანიზმები, რადგან კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი სწრაფი გავრცელებით ხასიათდება, რაც ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი პროგნოზით, მარტის თვეში შესაძლოა, ეს შტამი იყოს დომინანტი ქვეყანაში გავრცელების მხრივ. რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ქვეყანაში, უკვე მეთერთმეტე დღეა, რაც ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 200 ათასზე მეტია. რუსეთში კორონავირუსის 24 092 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 590 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები