DMO იმერეთი: DMO იმერეთი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, მისი საქმიანობა გამჭვირვალეა და ყველას აქვს საშუალება საჯარო ინფორმაციაზე სრული წვდომა ჰქონდეს

DMO იმერეთი საინფორმაციო სააგენტო kutaisitoday-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სააგენტოს მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, მოყვანილი ფაქტები წარმოადგენს უსაფუძვლო ცილისწამებას, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. დარღვეულია ჟურნალისტური სტანდარტი – ინფორმაციაში მოცემულია გადაუმოწმებელი ფაქტები მტკიცებულების გარეშე. ასევე, ავტორი არ დაინტერესდა განცხადებაში მოყვანილი არც ერთი პირის კომენტარით – ეპასუხათ დასახელებულ ბრალდებებზე.

„DMO იმერეთი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, მისი საქმიანობა გამჭვირვალეა და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება სრული წვდომა ჰქონდეს საჯარო ინფორმაციაზე. ყოველთვის მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა კონსტრუქციულ ორგანიზაციასთან, მათ შორის მედიასაშუალებებთან, რომელთა როლი განსაკუთრებულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების ანგარიშვალდებულების და კონტროლის მიმართულებით.

ინფორმაციაში დამახინჯებულია ჩვენი ორგანიზაციის სახელწოდება, რომელიც მოხსენიებულია, როგორც „ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი“, აღნიშნული სახელწოდებით ორგანიზაცია უკვე 2 წელზე მეტია, აღარ ფუნქციონირებს და იგი რეორგანიზებულია როგორც ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“, რომელიც დაფუძნებულია იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის და იმერეთის გუბერნიის მიერ. ორგანიზაციას ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო და როგორც მისი მთლიანი საქმიანობა, ასევე ფინანსური რესურსები არის სრულიად გამჭვირვალე. როგორც ჩანს, ავტორი არც მსგავსი ტიპის ინფორმაციას ამოწმებს ან არაკომპეტენტური ინფორმატორები ჰყავს.

ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი დირექტორის ტატო ლილუაშვილის პიროვნულ და საქმიან მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება ინფორმაციაში დამატებითი მცდარი ფაქტების დაფიქსირება, რომ ტატო ლილუაშვილი თავისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება და ამავე დროს სახელმწიფო სახსრების მასიურ ფლანგავას ეწევა, სააგენტოს მიერ არ არის მოყვანილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დასახელებული ბრალდებების სინამდვილეს. ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააქვეითეს – აღნიშნული არის სიცრუე.

რაც შეეხება სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულ ფაქტს, DMO იმერეთის გუნდის საკარანტინე სივრცეების მმართველობაში ჩართულობის შესახებ, გაურკვეველია რატომ უნდა მიეწოდოს საკოორდინაციო საბჭოს დამატებითი ინფორმაცია DMO იმერეთის პროცესში ჩართულობის შესახებ გაურკვეველი პირებისაგან, როდესაც სწორედ საკოორდინაციო საბჭო განსაზღვრავს DMO იმერეთის ჩართულობას და ფუნქციებს აღნიშნულ პროცესში. შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს დამატებითი ინფორმატორების საჭიროება არ უდგას, რადგან ეფექტურად ართმევს თავს ამ და სხვა პროცესებს სახელმწიფოს მართვის ცენტრალური და რეგიონალური მექანიზმების მეშვეობით. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლობა რეგიონში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაა.

აქვე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჩვენი ორგანიზაციის აღნიშნულ განცხადებას მხოლოდ ერთადერთი მიზანი აქვს – საზოგადოების დეზინფორმაციის მიზანმიმართულ კამპანიას ნამდვილი, გადამოწმებული, ღია და გამჭვირვალე ინფორმაციით უპასუხოს.

თუკი სააგენტო მომავალში კვლავ შეეცდება DMO იმერეთის საქმიანი რეპუტაციის შელახვას და მის დისკრედიტაციას, უფლებას ვიტოვებთ, სარჩელით მივმართოთ სასამართლოს”, – აღნიშნულია “იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები