საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგების მიხედვით დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგების მიხედვით დანერგვის შესაძლებლობები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და მონაწილე მხარეებმა ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, საერთაშორისო ექსპერტი გარემოს დაცვის და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში დარიუშ პრასეკი, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარე მარიამ ქიმერიძე ესწრებოდნენ. მხარეებმა ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევი რუკის შემუშავების მიზნებზე და ამოცანებზე იმსჯელეს.

„საქართველოს მთავრობა გარემოს დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რაც ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვასაც გულისხმობს. ყოველი აღნიშნული მდგრადი განვითარების და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების წინაპირობაა. საქართველო ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებულ გზას დაადგა. შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ გამოვიყენოთ მოწინავე ევროპული ქვეყნების გამოცდილება და ქვეყანა რეგიონში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვაში ლიდერი გახდეს”, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ცირკულარული ეკონომიკის წარმოებისთვის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის, ასევე, საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის  რეკომენდაციების შემუშავების მნიშვნელობის საკითხებს.

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობის პროექტს, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები