გვესმის მოქალაქეების არგუმენტები, რა საჭიროა ან რამდენად სამართლიანია პარტიებმა, რომლებმაც პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს, მიიღონ გადასახადების გადამხდელთა ფული – არჩილ თალაკვაძე
გვესმის მოქალაქეების არგუმენტები, რომლებიც ამბობენ, რატომ უნდა დავაფინანსოთ ჩვენი გადასახადებიდან ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც საზოგადოების ნაწილმა მისცა ხმა, რათა მათ იმუშაონ პარლამენტში და ეს დაფინანსება მიიღონ არჩევნების საფუძველზე, როგორც ეს არის გაწერილი, თუ ეს პარტიები ამ ყველაფერს უგულებელყოფენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„გვესმის მოქალაქეების არგუმენტები – მაშ, რა საჭიროა ან რამდენად სამართლიანია ასეთ დროს პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღონ გადასახადების გადამხდელების მიერ ბიუჯეტში შეტანილი ფული, თუმცა ჩვენ არ ვჩქარობთ გადაწყვეტილების მიღებას. როგორც ხედავთ, ზუსტად ეგ განგვასხვავებს წინა ხელისუფლებისგან, რომ აქ ყველა მხარეს ვუსმენთ, ვითვალისწინებთ ყველა არგუმენტებს. გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, ეუთო/ოდირში ეს პროექტი, დაველოდებით მათგან მარტში უკვე მოსაზრებას, დასკვნებს და მივიღებთ დაბალანსებულ, სამართლიან გადაწყვეტილებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.