არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას სხვა ინტერპრეტაცია ვერ ექნება, გარდა იმისა, რაც შედეგებშია ასახული

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას სხვა ინტერპრეტაცია ვერ ექნება, გარდა იმისა, რაც შედეგებშია ასახული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაზე საუბრისას განუცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხება.

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას სხვა ინტერპრეტაცია ვერ ექნება, გარდა იმისა, რაც შედეგებშია ასახული. მე ძალიან მოკლედ ჩამოვთვლი. მისი ლიდერობით საქართველომ უზრუნველყო ხელშესახები პროგრესი დემოკრატიის გაძლიერების, რაც გამოიხატა საკონსტიტუციო რეფორმაში, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში, არჩევნების ჩატარებაში მრავალგზის, რომელიც არ გაყალბებულა. მათ შორის, ბოლო არჩევნებით 9 პოლიტიკური პარტია შედის არჩევნებში.

ასევე გამოიხატა ადამიანის უფლებების დაცვაში, რაც ფუნდამენტური საკითხია. მისი ლიდერობით ამ კუთხით საქართველომ დიამეტრალური პროგრესი და განსხვავება აჩვენა წინა ადმინისტრაციის, წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით. ვფიქრობ, არ გჭირდებათ ჩამოვთვალო, თუ რა პრობლემები ჰქონდა საქართველოს ამ სფეროში.

ასევე გამოიხატა პრაგმატულ საგარეო პოლიტიკაში, სადაც საქართველომ ევროპასთან უვიზო რეჟიმი მიიღო, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება; ამერიკის კონგრესი განიხილავს ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საკითხს; ჩვენ მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულება და დღეს უკვე ვსაუბრობთ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე.

საქართველო ასევე თავსებადია ნატოს ყველა ძირითად სტანდარტთან და გვაქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა ჩვენს ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, შეუძლია გააგრძელოს აღნიშნული ჩამონათვალი. მან ასევე დაასახელა ჯანდაცვის, განათლების სფეროები, ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა სფეროები, სადაც პროგრესი შესამჩნევია.

„ეს არის ის ფაქტობრივი შედეგები, რასაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ხელისუფლებამ და საზოგადოებამ მიაღწია. შესაბამისად, თუ ვინმეს სურს ამასთან დაკავშირებით საუბარი, ან ანალიტიკური სტატიის მომზადება სურს, პირველ რიგში კონკრეტულ ფაქტობრივ მონაცემებს უნდა დაეყრდნოს, რომელიც ამ ყველაფერს ადასტურებს. რათქმა უნდა, გამოწვევები რჩება გამოწვევები და არაერთი ოჯახი სიღარიბის პირისპირ; რა თქმა უნდა, ჩვენ რეგიონში ვართ უპრეცენდენტო გამოწვევების წინაშე, რომელიც გლობალურ უსაფრთხოებას უკავშირდება, თუმცა ეს არის ზუსტად ის თემები, რასაც ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ერთად უნდა უპასუხოს და ჩვენ ამას შევძლებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები