ხატია წილოსანი: ბუნებრივი რესურსების ეფექტიანმა გამოყენებამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს პოსტკოვიდური ეკონომიკის სწრაფად აღდგენაში
„ბუნებრივი რესურსების დაცვისა და ეფექტიანად გამოყენებისთვის, გარემოსდაცვითი კუთხით კონტროლის გამკაცრება ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ანგარიშში დარღვევების უდიდესი ნაწილი უკანონო ტყითსარგებლობას ეხება. მისივე განმარტებით, ასევე, გამოვლენილია ნარჩენების მართვის კოდექსის თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის, წიაღის უკანონო მოპოვების, მიწის კანონმდებლობის დარღვევის, წყლის კანონმდებლობის დარღვევის, სხვადასხვა ლიცენზიანტის მხრიდან ლიცენზიის პირობების დარღვევის ფაქტები.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის მხრიდან გააქტიურდა სახელმწიფო სტუქტურებთან თანამშრომლობა. შესაბამისად, გარზდილია რეაგირება მსგავსი სახის ქმედებებზე. 2020 წლის განმავლობაში, გარემოსდაცვითი სამართალდამრღვევების მიმართ დაკისრებული ჯარიმის ოდენობამ 2 898 407 ლარი შეადგინა. გარემოზე მიყენებული ზიანის თანხა კი, 4 მლნ ლარს აღემატება. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, აქტირად ითანამშრომლებს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან, რათა გარემოსდაცვითი კუთხით კანონმდებლობის აღსრულების საზედამხედველო ფუნქციები კიდევ უფრო გაძლიერდეს და ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას მეტი ყურადღება დაეთმოს პოსტკოვიდური ეკონომიკის სწრაფად აღდგენაში”, – განაცხადა ხატია წილოსანმა.
მისი თქმით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 7009 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამ დარღვევების გარკვეული ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.