გია ვოლსკი: კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთთან ამბიციების ჭიდილი არ აქვთ, საფუძველი არ არსებობს, რომ გუნდში რაიმე დაპირისპირება იყოს
“საფუძველი არ არსებობს, რომ გუნდში რაიმე დაპირისპირება იყოს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ღირსეული შემცვლელი იქნება.
„ირაკლი კობახიძე რამდენად გაართმევს თავს, ეს მომავლის საკითხია, მაგრამ ყველა დარწმუნებულები ვართ, მას შესწევს უნარი, იყოს კარგი ლიდერი, კარგი მეგობარი და თავისი განათლების ხარისხით კიდევ ერთხელ დაანახოს როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე – საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარეს ღირსეული შემცვლელი ჰყავს.
საფუძველი არ არსებობს, რომ გუნდში რაიმე დაპირისპირება იყოს. ბუნებრივი არ არის, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთთან ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ. ეს თქვენი მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის წარმოთქმული ფრაზაა. გარდა იმისა, რომ ერთმანეთთან საკმაოდ ახლო მეგობრობა გვაკავშირებს, გამორჩეული საქმიანი ურთიერთობები არსებობს, რომელიც გამორიცხავს იმას, რასაც თქვენ ამბობთ და იცით, რომ დაპირისპირებას საფუძველი არ გააჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ გაიმართება, სადაც პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი.