თბილისის ზღვაზე საცხოვრებელ ვაგონში მკვლელობა მოხდა – შსს-მ ერთი პირი დააკავა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული კ.შ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს – 1982 წელს დაბადებულ გ.წ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს, კ.შ. კი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები