“ამერიკის გადარჩენის გეგმა” – ბაიდენმა 1,9 ტრილიონი დოლარის ღირებულების სტრატეგია წარადგინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დელავერის შტატში არჩეულ ვიცეპრეზიდენტთან, კამალა ჰარისთან ერთად კორონავირუსისგან დაზარალებული ქვეყნის ეკონომიკის მხარდამჭერი გეგმა წარადგინა.

ბაიდენის სტრატეგიის სახელწოდებაა “ამერიკის გადარჩენის გეგმა”, რომლის საერთო ღირებულება 1,9 ტრილიონ დოლარს შეადგენს და მიმართულია ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებაზე, ეკონომიკის გაჯანსაღებასა და სკოლების გახსნაზე.

“ინვესტიციები დაგვიბრუნდება ახალი სამუშაო ადგილების სახით, რაც ხანგრძლივ ეკონომიკურ ზარალს აგვარიდებს, მოგება კი დანახარჯს მნიშვნელოვნად აღემატება. ამ კრიზისულ მომენტში არ გვაქვს უფლება, ვიყოთ უმოქმედოდ”, – თქვა ბაიდენმა.

აღინიშნება, რომ გეგმა გახდება ერთგვარი ტრამპლინი აშშ-ის ეკონომიკის აღდგენისთვის მას შემდეგ, რაც პანდემიის კონტროლზე აყვანა მოხერხდება.

კერძოდ, ჯო ბაიდენის გეგმის თანახმად, 400 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯება ვაქცინაციაზე, ტესტირებაზე, ჯანდაცვის სფეროში ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, საჯარო სკოლების გახსნაზე, ასევე ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რომელიც მისი პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში 100 მილიონი დოზის შეყვანის შესაძლებლობას მისცემს.

ასევე, ამერიკელების ნაწილი დახმარების სახით 1400 დოლარს მიიღებს, უმუშევრად დარჩენილი პირები ყოველკვირეულად სექტემბრამდე 400 დოლარს მიიღებენ.

ბაიდენის გეგმა ითვალისწინებს სექტემბრამდე ქირით მცხოვრები ადამიანების გამოსახლების შეჩერებას, ასევე ბანკები ვერ შეძლებენ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ჩამორთმევას, თუ ადამიანი თანხის გადახდას ვერ შეძლებს.

გარდა ამისა, ფედერალურ დონზე მინიმალური შრომითი ანაზღაურება გაიზრდება ამჟამინდელი 7,25 დოლარიდან საათში 15 დოლარამდე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროს უწყებებისა და კომპანიებისთვის მხარდაჭერის სახით გათვალისწინებულია, ჯამურად, 20 მილიარდი დოლარის გამოყოფა, ასევე, მცირე ბიზნესისთვის იქნება შეთავაზებული გრანტები და სესხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები